სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

30 May 2012

რა განაპირობებს საქალაქო ტურიზმის განვითარების საფუძველს?

რა განაპირობებს საქალაქო ტურიზმის განვითარების საფუძველს? ამ კითხვაზე მეცნიერების პასუხი სამ ბლოკად იყოფა.

1. ქალაქები, როგორც მიმზიდველობები, სადაც ხდება სამოგზაუროდ მიმზიდველი ფაქტორების თავმოყრა, ანუ განსაკუთრებული შარმისა და იმიჯის მქონე ქალაქი;
2. ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი სავსეა სამომხმარებლო საქონლით და აქ არსებობს ვაჭრობისთვის შესანიშნავი პირობები, ანუ ქალაქი, როგორც სავაჭრო ცენტრი;
3. დიდ ქალაქებს გააჩნიათ გართობისა და ინტელექტუალური დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები: მუზეუმები, თეატრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, დისკოთეკები, კაზინოები, სპორტული მოედნები, რესტორნები, ბარები, თემატური ფესტივალები და ა.შ., ანუ ქალაქი, როგორც კულტურული ცენტრი.

შესაბამისად კულტურული ტურიზმის პრობლემებით დაკავებული მეცნიერები იკვლევენ ქალაქების ეკონომიკას, ინფრასტრუქტურის განვითარების გზებს, კულტურულ და გასართობ მიმზიდველობებს, რაც ხდება საბოლოო ჯამში ტურისტების მოზიდვის საშუალება.

საქალაქო ტურიზმში, კულტურული ტურიზმის მკვლევარების აღიარებით, არის გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ერთობლიობა. გარეგან ფაქტორებში იგულისხმება ქალაქის გარეგნული იერსახე, კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება და კლიმატი. ხოლო შინაგან ფაქტორებში გულისხმობენ ქალაქში არსებულ ცხოვრების წესს: რელიგიას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ფოლკლორს, აგრეთვე ინდუსტრიის შემოქმედებით დარგებს: მოდას, არქიტექტურას, კინოსა და თეატრალური ხელოვნებას, გართობის საშუალებებს და ა.შ.
აშშ-ის ხელოვნების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემულია კულტურული ტურიზმის საჩვენებელი ობიექტების შემდეგი ჩამონათვალი:

 ისტორიული ადგილები;
 სამხატვრო გალერეები, თეატრები და მუზეუმები;
 კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და ბაზრობები;
 ეთნიკური თემები და დასახლებები;
 არქიტექტურული და არქეოლოგიური საგანძურები;
 ეროვნული და სახელმწიფო პარკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქები, რომლებსაც ძირითადი შემოსავლები ტურიზმის მეშვეობით აქვთ, შესაძლებელია დავყოთ ორ ჯგუფად: კულტურაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებულ ქალაქებად.

საქალაქო (კულტურული) ტურიზმი

დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი, ანუ 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ქალაქად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ უფრო მეტად არიან ღარიბები და მიუსაფარნი, მაინც ქალაქი ანდამატივით იზიდავს საცხოვრებლად სულ უფრო მეტ ადამიანს და იგი ითვლება სოციალური ევოლუციის მამოძრავებელ ძალად, ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობისა და კულტურათაშორისი გაცვლების არეალად. საქალაქო რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით საჭიროა ღრმად იქნას გააზრებული საქალაქო სივრცის დაგეგმვის საკითხები. ქალაქის გამოყენება უნდა მოხდეს შრომითი, ფინანსური და მატერიალური რესურსების სწორი და რაციონალური გამოყენების საფუძველზე.

გაეროს ექსპერტების მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად 2015 წლისთვის მსოფლიოში იქნება 360 ქალაქი-მილიონერი (მათ შორის აზიის კონტინენტზე 150), ანუ თითოეულ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს, მათგან 30 ქალაქში, თითოეულში ცალ-ცალკე მოსახლეობა 10 მილიონს გადააჭარბებს, ასეთი ქალაქების ნახევარი ისევ აზიის კონტინენტზე იარსებებს.

იმავე ექსპერტების გამოთვლით უახლოეს 20 წელიწადში აზიასა და აფრიკაში ურბანიზაციის დონე 10%-ით გაიზრდება და მიაღწევს 50%-ს, რაც შესაბამისად ქალაქებში მცხოვრებთა რიცსვი აზიაში 1 მილიარდს, ხოლო აფრიკაში 440 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოსახლეობის 75%-ზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო ევროპაში ეს მაჩვენებელი 80%-ზე მეტია.

2030 წლამდე საქალაქო მოსახლეობის მატების ძირითადი ნაწილი ქოხებსა და მიწურებში იცხოვრებს. სადღეისოდ 650 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს სიცოცხლისათვის მავნე გარემოში. ხოლო 2025 წლისთვის ასეთ ადამიანთა რიცხვი გაორმაგდება.

იუნესკოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა ქალაქი, როგორც დემოკრატიის აკვანი და ქალაქი, როგორც მულტიკულტურული მემკვიდრეობის ლაბორატორია.

ლისაბონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დოქტ. ერნან ლოპესი მიიჩნევს, რომ საქალაქო ტურიზმი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მხოლოდ ტურიზმის ერთ-ერთი ფორმა, არამედ იგი განხილულ უნდა იქნას ქალაქის განვითარების კონცეფციის ორგანულ ნაწილად. ამის მაგალითია პორტუგალიის ქალაქი კოიმბრი, სადაც ტურისტებს მისი სილამაზით ტკბობისას ერთდროულად შეუძლიათ გამოიყენონ მისი გარემო თეატრალური ხელოვნების, უნივერსიტეტების ინტელექტუალური მოღვაწეობის და ქალაქის სხვა სიკეთეებთან საზიარებლად, რაც მისი განვითარების გარანტიაა. მსოფლიოში ათასობით ქალაქის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი საქალაქო ტურიზმზე მოდის.

ტურიზმი - განხილვა

თანამედროვე ტურიზმი, რომელიც კომპიუტერული ტექნიკისა და ავტომატიზაციის ფართოდ დანერგვის საფუძველზე საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროცესების სფეროდ გადაიქცა, რომელმაც ულტრათანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებითა და მომსახურებით სულ სხვაგვარი წარმოდგენები შექმნა დროსა და სივრცეზე, ძალზე ფაქიზად რეაგირებს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად ჩნდება ახალი ტენდენციები, მოძრაობები, მიმართულებები. სწორედ აქედან გამომდინარე ”ტურიზმის გლობალური ეთიკური კოდექსი” (მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, სანტიაგო, ჩილე, 1999 წლის 1 ოქტომბერი) ტურიზმს განიხილავს, როგორც:

 ინდივიდუალური და კოლექტიური სრულყოფის ფაქტორს;
 მდგრადი განვითარების ფაქტორს;
 სფეროს რომელიც იყენებს კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას და შეაქვს თავისი წვლილი მის გამდიდრებაში;
 საქმიანობას, რომელიც ერთნაირად სასარგებლო და მომგებიანია მასში მონაწილე ქვეყნებისა და ხალხებისათვის.

აღნიშნული ზოგადი შეფასებებიდან და დასკვნებიდან თუ გადავინაცვლებთ ტურიზმის, როგორც დარგის პრაგმატული, გამოყენებითი მხარის ანალიზზე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მისი განვითარება სახელმწიფოს და რაიონს მთლიანად, როგორც დაინტერესებულ (მონაწილე) მხარეს, უქმნის შესაბამისი სტიმულების ნაირსახეობას:

 ახალი სამუშაო ადგილები და საწარმოები;
 დამატებითი შემოსავლები;
 ადგილობრივი პროდუქციისათვის ახალი გასაღების ბაზრები;
 ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნალური მომსახურების ობიექტებისა და სამსახურების მოდერნიზაცია;
 ახალი პროფესიები და ტექნოლოგიები;
 საზოგადოების მიერ გარე სამყაროსა და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებისა და მათი დაცვის აუცილებლობის საფუძვლიანი გაგება;
 ახალი მიდგომები მიწათსარგებლობაში.

ავსტრიელი ექსპერტები თვლიან, რომ ”ტურისტული სიმძლავრეების გაფართოება დასაშვებია მხოლოდ იქ, სადაც სავალდებულო ძალა აქვს რეგიონულ (რაიონულ) დაგეგმვას და სადაც ნებისმიერი პროექტი ერთვება ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმაში”. ამგვარი მიდგომა ნიშნავს საპროექტო აზროვნების შეცვლას კონცეპტუალური აზროვნებით. ამასთან ერთად, იმისათვის, რომ ტურიზმმა ეკონომიკური მოგება მოუტანოს რაიონს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს და ამავე დროს თავისი ბუნებით უნდა იყოს მზოგავი.
ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის განსახლების სისტემას, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
საქართველოს ნებისმიერი მხარე, აღნიშნული კუთხით რესურსული პოტენციალის სიმცირეს არ უჩივის.
ტურიზმის განვითარების დაგეგმვის დროს პოტენციური შესაძლებლობების შეფასებისას აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას - რა საჭირო კომპონენტები უნდა არსებობდეს ტურიზმის განვითარებისთვის? საერთაშორისო ექსპერტები ამ კომპონენტის ქვეშ გულისხმობენ:

 ღირშესანიშნაობები და თავისუფალი დროის გატარების ფორმები - სანახავი ადგილები და ის, რითაც ტურისტი შეიძლება გაერთოს ადგილზე ყოფნისას;
 მიღებისა და მომსახურების ინფრასტრუქტურა - დაბინავებისა და კვების ადგილები;
 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება - საბაზო ადგილამდე ჩასვლისა და შიდა ტერიტორიებზე გადაადგილების საშუალება;
 ადგილობრივი საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა - წყალმომარაგება, ელექტროგაყვანილობა, კომუნიკაცია, კანალიზაცია და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა;
 მოგზაურობების ორგანიზება - ტუროპერატორები, ტურაგენტები და გიდები;
 ტურისტული პროდუქციის წინ წამოწევა და ტურისტული ინფორმაციის სამსახურის არსებობა - ინფორმაცია ტურისტებისათვის იმაზე, თუ რა შეუძლიათ ნახონ და აკეთონ მათ ადგილზე ყოფნის დროს.
საქართველოში ტურიზმის განვითარერბის პერსპექტივებზე საუბრისას, საჭიროა განვიხილოთ შემდეგი საკითხები:
 არსებობს თუ არა ამ ქალაქში (რეგიონში) ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო რესურსები;
 არსებობს თუ არა შესაბამისი ტურისტული ბაზარი, რომელზეც შეიძლება გასვლა;
 ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად ესაჭიროება თუ არა ქალაქს (რეგიონს) ტურიზმის განვითარება;
 არის თუ არა საჭირო შრომითი რესურსები ტურიზმის განვითარებისათვის, დამატებითი შრომითი რესურსების შემოყვანის გარეშე;
 გამართლებულია თუ არა დანახარჯები სატრანსპორტო ინფარასტრუქტურის განვითარებისათვის;
 შესაძლებელია თუ არა კონკურენტების გამოჩენა არსებული ან შესაძლო ტურისტული პროექტებიდან მეზობელ რეგიონებში.

1992 წლის გაეროს ცნობილი სამიტის (რიო დე ჟანეირო) შემდეგ, ნებისმიერი ქვეყნისა და დარგის განვითარებას საფუძვლად უდევს ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტი ”დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის”, რომელშიც გაცხადებული იქნა მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის განვითარებას სწორედ ეს პრინციპები უნდა დაედოს საფუძვლად რამდენადაც მდგრადი ტურიზმი:

 ხელს უწყობს ტურიზმის ზემოქმედების გზების გაგებას ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ სფეროებზე;
 ხელს უწყობს შემოსავლებისა და ხარჯების სამართლიან განაწილებას. იგი ქმნის სამუშაო ადგილებს უშუალოდ ადგილობრივი ტურიზმისა და მის მონათესავე სფეროებში;
 ხელს უწყობს მომგებიანი ადგილობრივი დარგების განვითარებას - სასტუმროები და სხვა სარეკრეაციო ობიექტები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, სატრანსპორტო სისტემები, ხალხური რეწვა და საექსკურსიო-საინფორმაციო საქმე;
 ხელს უწყობს რეგიონში უცხოური ვალუტის შემოსვლას და ადგილობრივ ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდებას. ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში, სადაც დასაქმებას შეიძლება ჰქონდეს სეზონური ან შემთხვევითი ხასიათი;
 მოითხოვს სივრცით დაგეგმვასა და ზონირებას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი ეკოსისტემის გამტარუნარიანობას; გადაწყვეტილების მიღების პროცესში რთავს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს;
 ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას;
 ქმნის რეკრეაციულ ობიექტებს, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს;
 ბუნებრივი ტურიზმი ხელს უწყობს იმ მიწების პროდუქტიულ გამოყენებას, რომელთაც არა აქვთ სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა;
 კულტურული ტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლებას;
 ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმი ნათლად გვიჩვენებს ბუნებრივი და კულტურული რესურსების დიდ მნიშვნელობას სოციალ-ეკონომიკური განვითარების საქმეში და ხელს უწყობს მის დაცვას.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებისას აუცილებელია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:
 რესურსების მდგრადი მოხმარება (რამდენადაც ბუნებრივი, სოციალური და კულტურული რესურსების დაცვა და მდგრადი მოხმარება ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის საწინდარია);
 ტურისტულ ტერიტორიებზე დატვირთვისა და ნარჩენების შემცირება (რადგან რესურსების მოხმარების რეგულირება და ნარჩენების შემცირება ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტის ხარისხის ზრდას და ამასთან ერთად ამცირებს ბუნების კონსერვაციის ხარჯებს);
 ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება (რამდენადაც ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება ტურისტული საქმიანობის წარმატებისა და მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორია);
 ტურიზმის ინტეგრირება დაგეგმვის პროცესში (სოციალ-ეკონომიკური კონცეფციის შემუშავებისას, ტურიზმის განვითარების ინტეგრირება გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფს ტურისტული საქმიანობის წარმატებას);
 ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა (ტურიზმის მრავალფეროვანი ფორმები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის კომპლექსურ განვითარებას, ითვალისწინებს გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსაციას, თავის მხრივ იცავს და ამცირებს, როგორც კულტურის ძეგლებზე, ასევე ველურ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას);
 ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობა (რადგან ადგილობრივი თემის თანამონაწილეობას არა მარტო ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, არამედ გაცილებით უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის ტურისტულ პროდუქტს);
 კონსულტაციები და თანამშრომლობა (რამდენადაც აუცილებელია ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების უზრუნველყოფა);

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ რომ საქართველო თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კარგ საშუალებას იძლევა ტურიზმის განვითარებისათვის.

28 May 2012

რეკლამა - ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი წყარო

    ყველამ კარგად იცის, თუ რა მთავარ როლს ასრულებს რეკლამა ადამიანის განწყობაზე. ყველა პროდუქტს, კომპანიასა თუ ქვეყანას აქვს თავისი რეკლამა, რაც ხაზს უსვამს მას. რეკლამა ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს "წამოვიყვირებ". ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ნებისმიერი ხერხებით, ფორმით, მეთოდით და რომელიც მიმართულია საზოგადოებისკენ ყურადღების მისაქცევად.
    სწორედ რეკლამამ განაპირობა ზოგიერთი ქვეყნის ტურისტული განვითარება, ტურისტების მატება და ა.შ. რეკლამისტების მთავარი მიზანი ხომ ისაა, ყველაზე უარესიც კი საუკეთესო პროდუქტად წარმოაჩინონ, არა აქვს მნიშვნელობა ეს ნივთია, კომპანიაა თუ პროდუქტი.
    საქართველოსაც აქვს საკუთარი რეკლამა, რომელიც აცნობს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებზე, ისტორიულ ადგილებზე, დასვენების საუკეთესო გზებზე და ა.შ.
     სწორედ აქ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს და სხვა ქვეყნების რეკლამა:
 

მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის ცენტრი და სტაციონარული მეტალოდეტექტორი გახსნა


    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 2011 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
    აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე დაესწრნენ, ასევე აეროპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.
    ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს აეროპორტშივე მიაწვდის ინფორმაციას გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ, ასევე მათ სხვადასხვა სახის სერვისებს შესთავაზებს.
    ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოსვლისთანავე დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა - 2010 წლის მონაცემებით საქართველოში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებით 250 000 ადამიანი შემოვიდა (საქართველოში ინდივიდუალურ მოგზაურთა წილი 91%-ს შეადგენს, მათი 12% საჰაერო გზით სარგებლობს).
    ტურიზმის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნაზე, უკვე გაიხსნა სიღნაღის, ყვარლის, მესტიის, ქუთაისის, გორის საინფორმაციო ცენტრები, უახლოეს მომავალში ტურისტული ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ზუგდიდსა და ანაკლიაში.
     დღესვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაციონარული მეტალოდეტექტორი და რენტგენული დათვალიერების აპარატი გახსნა. აპარატი მგზავრთა სკანირებისათვის გამოიყენება და წარმოადგენს სტაციონარულ მეტალოდეტექტორს, რომელიც იყენებს განსაკუთრებულ - მულტიზონური ტექნოლოგიის სისტემას და უზრუნველყოფს უნიფიცირებულ, მაღალხარისხოვან დეტექციას მგზავრის თაღში გასვლისას.
    აღნიშნული ტექნოლოგიით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის გარჩევადობის მიღწევა, რაც ნიშნავს საფრთხის მინიმუმამდე დაყვანას და ასევე ყალბი განგაშის გაცილებით ნაკლებ რაოდენობას ჩვეულებრივ მეტალოდეტექტორებთან შედარებით. შედეგად, მგზავრთა გაცილებით სწრაფი გამტარიანობა მიიღწევა.
    დეტექციის სქემა მუდმივად აქტიურია, ასევე სისტემა უზრუნველყოფს სრულ თვითდიაგნოსტირებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მწყობრიდან გამოსვლის გაუთვალისწინებელი და ლატენტური შემთხვევების რისკს. მნიშვნელოვანია, რომ ადვილად შეიძლება დანადგარის სხვა ადგილზე გადატანა.
    აღნიშნული ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობებია: უმაღლესი გარჩევადობა; სახიფათო ნივთების საიმედო დეტექცია; მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარიანობა; ოპტიმალური იმუნიტეტი გარემოდან ხელშეშლის და გარე სტაციონარული ლითონების მიმართ.
    გარდა ამისა, მინისტრმა დაათვალიერა რენტგენული დათვალიერების მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ბარგის - ამანათების, პაკეტების და უფორმო საგნების სკანირებას, გააჩნია ადვილად დასატვირთი კონვეიერები. აღნიშნული აპარატის უპირატესობებია: გამოსახულების ავტომატური არქივირება; ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი პროგრამა; ოპერატორის დახმარების ტექნოლოგია; თანამედროვე დიზაინის, ფუნქციონალური LCD მონიტორი და სამართავი პულტი ოპერატორისთვის და შესამოწმებელი და შემოწმებული ბარგის მიმღები როლერები.

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება


prezentacia_24.01.jpg
    "აღმოაჩინე შენი კახეთი", - წელს ეს ერთი-ერთი მთავარი ტურისტული სლოგანი იქნება,  სასტუმრო "Holiday Inn"-ში კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
    ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა და ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. პრეზენტაციას დაესწრნენ ასევე კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურიზმის სექტორში მომუშავე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მინისტრმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, სადაც კახეთის ტურისტულ პოტენციალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც ვერა ქობალიამ განაცხადა, კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და 2012 წელს მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება, მოხდება ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა: "კახეთი საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის პოპულარობით მე-3 ადგილზეა და გვინდა, მათ უფრო მეტი ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ".
    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს კახეთში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდება, შეიქმნება ახალი ტურისტული პროდუქტი.
    უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი, მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია: კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ასევე შეიქმნა სლოგანი "Find Your Own Kakheti” ("აღმოაჩინე შენი კახეთი"). ამასთან, შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც ზოგადად რეგიონზე, ასევე გაეცნოს განახლებულ ამბებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეიქმნა გვერდები ფეისბუქზე: “აღმოაჩინე შენი კახეთი“ და "ტურიზმი თელავში“. ასევე მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი "ღვინის გზა“.

27 May 2012

შავი ზღვა - საქართველოს "მარგალიტი" - ქართველების მსოფლიო ოკეანის კარიბჭე!!!

  რომ არაფერი ვთქვათ მთებზე, კურორტულ ადგილებზე, მოსახერხებელ ჰავაზე, საქართველოს მაინც გამოარჩევს შავი ზღვა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და წარსულშიც მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი... 
    სანამ საქართველოზე დავიწყებთ ინფორმაციების ძიებას, ტურისტული ადგილების აფიშირებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ  ისტორია შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოსს (არასტუმართმოყვარეს), შემდეგ კი - პონტოს ევქსინოსს (სტუმართმოყვარეს) უწოდებდნენ. მე-15 საუკუნიდან თურქებმა ვარადენიზი - შავი ზღვა შეარქვეს.
    შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოსთვის ფასდაუდებელია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უნმიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო ურთიერთობების ძირითად არტერიას. 
    ატლანტის ოკეანიდან საქართველოს სანაპიროემდე 3400 კმ-ია. ეს გზა გიბრალტარის სრუტიდან იწყება, გადის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებზე, დარდანელის სრუტეზე, მარმარილოს ზღვასა და ბოსფორის სრუტეზე. შავი ზღვა ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას.
    შავი ზღვის აუზის ქვეყნებია: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა.  
    შავი ზღვა არ გამოირჩევა რთული მოხაზულობით, ამიტომ იგი მოსახერხებელია ნაოსნობისათვის. იგი მდებარეობს ჩ.გ. 41-სა და 46 გრადუსს შორის, მისი მაქსიმალური სიგრძეა 1150 კმ, მაქსიმალური სიგანე - 580 კმ, მაქსიმალური სიღრმე - 2211 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე - 3400 კმ, ხოლო საქართველოს სანაპიროზე მოდის - 310 კმ. 
    ხანგრძლივი და რთულია შავი ზღვის განვითარების ისტორია. მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა (რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან) პროცესებმა მარმარილოს, აზოვის, არალის, შავი და კასპიის ზღვები ოკეანისგან გამოყო. შემდგომ პერიოდში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ზღვა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მარილიანობა იზრდებოდა. მის ფარგლებში, 8 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა შავ და კასპიის ზღვებს (იმ დროისთვის  კავკასიონის და ყირიმის მთები კუნძლები იყო). შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს 1 მილიონი წლის წინ დაშორდნენ. კასპიის ზღვა მტკნარი დარჩა (იგი სინამდვილეში ტბაა - ზრვისა და ტბის დამახასიათებელი ნიშნით), ხოლო შავი ზღვა რამდენჯერმე შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას. ისინი საბოლოოდ  8 ათასი წლის  წინ შეერთდნენ, მაშინ წარმოიქმნა ბოსფორის სრუტე. ხმელთაშუა ზღვიდან მარილიანი წყლის შემოჭრამ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვია. სწორედ მათი ნარჩენების გახრწნამ შექმნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის პირველდაწყებიტი მარაგი. გოგირდწყალბადი საუკუნეების  განმავლობაში   გროვდებაზღვის ქვაბულში.
    შავი ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე - განსაკუთრებით ნალექების განაწილებასა და მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ტემპერატურაზე. ბრიზები (დღეღამური პერიოდულობის ქარი) შავი ზღვის სანაპიროდან 100-120 კმ-ის დაშორებითაც კი ქრის.
    შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. მისი საშუალებით შესაძლებელია დავუკავშირდეთ მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს, ცენტრალურ ევროპასა (მდ. დუაით) და რუსეთს (ვოლგა-დონით). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო წყლების რეკრეაციული გამოყენება. ზღვის სანაპირო ზოლში არაერთი მსოფლიოში ცნობილი კურორტია. საქართველოს ფარგლებში, ზღვის კურორტის მახლობლად მდიდარი მცენარეულობით შემოსილი მთებია განლაგებული. ასეთი ვითარება ესთეტიკურ ფონს ქმნის დამსვენებელთათვის...

რა არის ცხოვრების დონე?

    ცხოვრების დონე - მოსახლეობის მიერ მატერიალური და სულიერი სიმდიდრის მოხმარების დონე და ამ სიმდიდრით მოსახლეობის დამაკმაყოფილების ხარისხი.
    ცხოვრების დონე საკმაოდ რთული კატეგორიაა და მისი განსაზღვრა ერთი რომელიმე მონაცემით შეუძლებელია. ცხოვრების დონის მაჩვენებლად თვლიან საშუალო შემოსავალს ერთ სულზე.
    გარდა მატერიალური შემოსავლისა, ცხოვრების დონეს და ხარისხს განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცა: საცხოვრებელი ფართის სიდიდე, ბინის კეთილმოწყობა, კომუნალური პირობები, საკუტარი ავტომობილების, ტელეფონების, ტელევიზორების და სხვა საოჯახო ხელსაწყოების რაოდენობა და ა.შ. აგრეთვე, განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა, ეკოლოგიური პირობები და ა.შ.
    როცა მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაციას ახდენენ ცხოვრების დონის მიხედვით, იგი ყოველთვის არ ემთხვევა სახელმწიფოთა გადანაწილებას ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისით. მაგალითად, ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მაღალია ნავთობის ექსპორტიორ არაბულ სახელმწიფოებში, მაგრამ ცხოვრების დონის საერთო მაჩვენებლით ისინი საგრძნობლად ჩამორჩებიან შვეიცარიას, სკანდინავიისა და ბენილუქსის ქვეყნებს...
    მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც. ერთ სულზე საშუალო შემოსავლით საქართველო მსოფლიოს საშუალო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება , მაგრამ იმის გამო, რომ სხვა მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ცხოვრების საერთო დონის მიხედვით ჩვენი სახელმწიფო მათ შორის არცთუ უკანასკნელ ადგილზეა...

24 May 2012

პოპულარული ადგილები საქართველოში




 

გუდაური



Resorts in, Georgia 
  

პოპულარული სათხილამურო კურორტი საქართველოში _ ის მდებარეობს თბილისიდან 120 კმ-ში (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე). გუდაური პოპულარულია, როგორც ქართველ ისე უცხოელი მოთხილამურეებში. გუდაურში შეგიძლია დატკბე ზამთრის პეიზაჟებით, ლამაზი ცითა და მზიანი დღეებით. გუდაური მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრია სათხილამუროდ.





ბათუმი
Resorts in, Georgia
 
 
ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.
ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ. 

 

ქობულეთი

Resorts in, Georgia 
  

ქობულეთი გაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე. პლაჟი ქვიანია. მცენარეულობა, ძირითადად, წარმოდგენილია ჩაით, ბამბუკით და სხვა ტროპიკული მცენარეებით. ზაფხული არის ძალიან თბილი. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ცურვითა და აქტიური გართობით.

მწვანე კონცხი

Resorts in, Georgia 
  

Iსაქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 მ.-ის სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

ურეკი

Resorts in, Georgia 
  

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია, არის დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, შენდება ახლებიც. უკანსკნელ წლებში აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.

ბაკურიანი

Resorts in, Georgia 
  

პოპულარული მთის კურორტი საქართველოში – ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში (ზღვის დონიდან 1700 მ-ზე). მას გარს არტყავს წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები. ზამთარი ცივია, მაგრამ არამკაცრი. დღეები ყოველთვის მზიანია და სასიამოვნო. ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას უწყობს ხელს.

ბახმარო

Resorts in, Georgia 
  

ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.

ნუნისი

Resorts in, Georgia 
  

ხალხური გადმოცემით ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველები ნუნისის მინერალური წყლის საშუალებით მუნისაგან იკურნებოდნენ. შემდგომში მისი გამოყენება მოსახლეობას თავადაც უცდია და არაჩვეულებრივი შედეგის მოწმეც გამხდარა. მოკლე ხანში ნუნისის წყალი ცნობილი გახდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.

შოვი, უწერა

Resorts in, Georgia 
  

შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

კურორტი შოვი დაარსდა 1929 წელს. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
კურორტი უწერა - კურორტის ტიპიკლიმატო-ბალნეოლოგიური მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე ქ.ონიდან 10 კმ-ში. მიეკუთვნება მთის კურორტის ტიპს. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. არის მთიანი ზონა, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ჰავა და ულამაზესი ბუნება საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. აქ ადგილი აქვს შერეულ სამკურნალო ფაქტორს. ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჰავა და 28 სახის მინერალური წყლები, რომელიც თვითდინებით მოედინება. ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს მაღალი მთის კლიმატი. ჰავა გამოირჩევა მკვეთრი მოქმედებით მოზარდთა გაკაჟების და პროფილაქტიკის მიზნით ხოლო მინერალური წყლები თავისი გემოვნური თვისებების გარდა უებარი საშვალებაა კუჭნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

ბორჯომი

Resorts in, Georgia 
  

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი საექსპორტო პროდუქტია. 

საირმე

Resorts in, Georgia 
  

ის მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 55 კმ-ში, 950 მ-ზე ზღვის დონიდან, მდ. წაბლარის წყლის ხეობაში. მთები, რომლებიც მდებარეობს მის გარშემო დაფარულია ფოთლოვანი ხეებით (მუხა, წიფელი და ა.შ) და აგრეთვე, წიწვოვანი ტყეებით. კლიმატი განპირობებულია მისი მდებარეობით სუბტროპიკულ სარტყელში. კურორტის მთავარი ფაქტორი არის მინერალური წყლები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი. კურორტი მუშაობს თბილ სეზონზე (მაისიდან ნოემბრამდე).

წყალტუბო

Resorts in, Georgia 
  

წყალტუბო მდებარეობს მდ. წყალტუბოს ხეობაში. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში. თბილისიდან 235 კმ-ში და შავი ზღვიდან 70 კმ-ში. ზამთარი ძალიან რბილია და ზაფხული ძალიან თბილი. წყალტუბოს მინერალურ წყალს აქვს მყარი ქიმიური შემადგენლობა. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა არის +33 - +35 გრადუსი, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია წინასწარი გათბობის გარეშე.




ტურიზმის სახეობები

    სანამ დაასკვნიდეთ, რომ ტურიზმის შესახებ ბევრი რამ იცით, მაინც უნდა გადახედოთ შემდეგ ინფომაციას, რითაც გაიგებთ თუ რას წარმოადგენს ტურიზმი, რამდენი სახისაა იგი, რა არის ტურიზმის მიზანი და ა.შ. ტურიზმის სახეობებია:
    სოციალური ტურიზმი - ევროპის ქვეყნებში, იგი ასოცირებულია დაბალი
შემოსავლების მქონე იმ კლიენტებთან, რომლებიც მოკლებულნი არიან მაღალი
ხარისხის ტურისტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.
მოქალაქეების ეს კატეგორია საჭიროებს სოციალური ხასიათის შეღავათებს. მათ
მიეკუთვნება მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები, საბავშვო სახლისა და
ინტერნატის აღსაზრდელები, მოსწავლე და დაბალანაზღაურებადი მომსახურე
აღსაზრდელები, პენსიონერები და მცირე მატერიალური შესაძლებლობების მქონე
მოქალაქეები.
    სპეციალიზებული და სათავგადასავლო ტურიზმი - ყველაზე სწრაფად
განვითარებადი ტურიზმის სახეობებია. მათ საფუძვლად შეიძლება დაედოს
ნებისმიერი გატაცება-არქეოლოგიური გათხრებით დაწყებული, ფრინველებზე
დაკვირვებით დამთავრებული. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს
სათავგადასავლო ტურიზმი-ლაშქრობა და ალპინიზმი, მთის მდინარეებზე ტივით
დაშვება, ნადირობა, თევზაობა და ა. შ. სპეციალიზებული და სათავგადასავლო
ტურიზმისათვის საჭიროა მცირერიცხოვანი საგანგებო ობიექტები (თუნდაც
ცალკეული შემთხვევებისათვის). აქ, როგორც წესი, კვალიფიციური გიდები
მუშაობენ და გარანტირებულია უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა.
ეკოლოგიურად მდგრად რაიონებში ასეთი სახის დასვენების ორგანიზაციისას
მკაცრი ეკოლოგიური კონტროლი უნდა დაწესდეს.
    სასოფლო ანუ აგრარული ტურიზმი - ითვალისწინებს: ტურისტთა
განთავსებას - ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლებში, კვებას -
ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით და მონაწილეობას - სოფლის
ცხოვრებაში. ადგილობრივი მკვიდრნი სოფლად აშენებენ, ფლობენ და განკარგავენ
ტურისტულ ობიექტებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებიდან იღებენ პირდაპირ ეკონომიკურ მოგებას. სასოფლო ტურიზმის
წარმატებული განვითარება არ ითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, მაგრამ საჭიროებს
სრულყოფილ დაგეგმვას და პროგრამირებას. ადგილობრივმა მოსახლეობამ
ობიექტთა მომსახურებისათვის უნდა გაიაროს სპეციალური მომზადება. პირველ
ეტაპზე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მცირე სესხები და ტექნიკური
კონსულტაციები. მთავარია, რომ თითოეულ სოფელში შენარჩუნებული იქნას
განვითარების ოპტიმალური დონე, რომ არ შეიქმნას ეკოლოგიური და სოციალური
პრობლემები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სოფლებში ახალი
ტურისტული ობიექტები აშენდეს.
    ფერმერული ტურიზმი - თითქმის სასოფლო ტურიზმის ანალოგიურია,
დიდი პოპულარობით სარგებლობს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და მსოფლიოს
მრავალ რეგიონში ვითარდება. ტურიზმის ეს სახეობა ტურისტებს საშუალებას
აძლევს განთავსდნენ ფერმებში, რანჩოებსა და პლანტაციებში (ტროპიკულ
რეგიონებში), ან სტუმრებისათვის განკუთვნილ ცალკე სახლებში (კვებით). ამასთან
ერთად ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ან მონაწილეობა მიიღონ სასოფლო-
სამეურნეო საქმიანობაში. გარდა ამისა ზოგიერთი ფერმერი თავის ტერიტორიაზე
აწყობს კემპინგებს და ტურისტებს თევზაობისა და ნადირობის საშუალებას აძლევს.
ტურისტებს შეუძლიათ ფერმის ტერიტორიები გამოიყენონ ბაზებად, საიდანაც
ლაშქრობები მოეწყობა. მეთევზეთა დასახლებებში ადგილობრივ მცხოვრებთ
შეუძლიათ ტურისტებს მისცენ საცხოვრებელი და მონაწილეობა მიაღებინონ
თევზაობაში. ტურიზმის ამ სახეობის ორგანიზებისათვის შეიძლება ტექნიკური
დახმარება გახდეს საჭირო. როგორც წესი იმ სასოფლო რაიონებში, სადაც ტურიზმი
ვითარდება, თავს იჩენს მომსახურების დაჯავშნის სისტემის შექმნის აუცილებლობა.
    ეკოტურიზმი - ეს არის ისეთი მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც
გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვითცნობიერებული.
ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს
მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური
ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული
ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას.
ეკოტურისტები შეიძლება იყვნენ ტყის მოყვარულები და აკვალანგისტები,
რომლებსაც წყალქვეშა სამყარო აინტერესებთ, ასევე ფრინველების მოყვარულნი და ა.
შ. ტურიზმის ეს სახეობა პოპულარულია ტურისტთა იმ კატეგორიებს შორის,
რომლებსაც სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია ადგილობრივ ეკოსისტემაზე,
ეკოკულტურაზე და აღელვებთ გარემოს დაცვის პრობლემები. ტურიზმის ეს სახეობა
დიდ კაპიტალ-დაბანდებას არ საჭიროებს, მაგრამ კვალიფიციური გიდების ყოფნა აუცილებელია, რადგან იმ ადგილებში სადაც ტურისტები მოძრაობენ საჭიროა
ბუნების დაცვის მკაცრი პრევენციული ზომების გატარება.
    ალბათ ყველას გაინტერესებთ რა არის ტურიზმის მიზანი - ესაა რეკრეაციული გამანჯანსაღებელი დასვენება, შემეცნებითი დასვენება, პროფესიულ-საქმიანი ტურიზმი, სამეცნიერო ტურიზმი, შოპ-ტურები, სათავგადასავლო და რელიგიური ტურიზმი, ეკოტურიზმი და ა.შ.
    გადაადგილების საშუალებებია: ფეხით მოსიარულეთა, საჰაერო, საზღვაო, სამდინარო, საავტომობილო, სარკინიგზო, შერეული და ა.შ.
    განთავსების საშუალებებია: ოტელები, სასტუმროები, მოტელები, პანსიონატები, სანატორიუმები, საოჯახო, სასტუმროები, კემპინგები, კარვები და ა.შ.
    

18 May 2012

ტურიზმის მენეჯმენტის სტრუქტურა


    ტურიზმი, როგორც მომსახურეობის სფეროს ერთ-ერთი დარგი არა მარტო
ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვანი სფეროა, არამედ იგი არის რთული
ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს შრომითი კოლექტივებისა
და ცალკეული მუშაკების ადგილს, როგორც რეგიონებში, ასევე ორგანიზაციებსა და
საწარმოებში. ტურიზმის მართვის სტრუქტურა გაგებულ უნდა იყოს როგორც
მოწესრიგებული ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების ერთობლიობა. არსებითად
საქმე ეხება მართვის დონეებსა და ფუნქციური სამსახურების
ურთიერთდამოკიდებულებას, რომლებიც მენეჯმენტის დახმარებით მყარდება
ერთმანეთთან.
    


    ტურიზმის მენეჯმენტის სტრუქტურა ნიშნავს კვალიფიციური კადრების
(სპეციალისტების), მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების ოპტიმალურ
განაწილებას ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის. ორგანიზაციის მენეჯმენტის
სტრუქტურაში გამოიყოფა მართვის ქვედანაყოფები (განყოფილებები), დონეები
(საფეხურები) და კავშირები (ჰორიზონტალური და ვერტიკალური).
სტრუქტურულ ქვედანაყოფებს მიეკუთვნება აგრეთვე მენეჯერებიც,
რომლებიც ახორციელებენ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციას.
მართვის დონის ცნებაში იგულისხმება ქვედანაყოფების ერთობლიობა,
რომლებიც იკავებენ განსაზღვრულ საფეხურს ორგანიზაციის მენეჯმენტის სიტემაში.
მენეჯმენტის საფეხურები იმყოფებიან ვერტიკალურ დამოკიდებულებაში და
ექვემდებარებიან ერთმანეთს იერარქიის მიხედვით: უფრო მაღალი საფეხურის
მენეჯერები ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტდება და
დაიყვანება ქვემდგომ რგოლებამდე. ცალკეული მენეჯერები ახდენენ მუშაობის
კოორდინირებას, რომლებიც თავის მხრივ კოორდინირებას უწევენ უფრო დაბალი
დონის მენეჯერებს, შრომის ასეთი ვერტიკალური დანაწილების შედეგად იქმნება
მართვის დონეები.
ორგანიზაციის მართვის უმაღლესი დონე შეიძლება წარმოდგენილ იყოს
დირექტორთა საბჭოს (მეთვალყურეთა საბჭოს) თავჯდომარის, პრეზიდენტის, ვიცე-
პრეზიდენტის ან დირექტორის სახით. ამ დონის მენეჯერები შეიმუშავებენ
ორგანიზაციის პოლიტიკას (სტრატეგიას) და ახდენენ მის რეალიზაციას.
უმაღლეს დონეზე გამოყოფენ ორ ქვედანაყოფს: სრულუფლებიანი მართვა და
საერთო ხელმძღვანელობა.
მართვის ყველა დონეზე მენეჯერები ასრულებენ არა მარტო წმინდა
მმართველობით ანუ სამმართველო, არამედ საშემსრულებლო ფუნქციებსაც. მაგრამ
უმაღლეს დონეზე საშემსრულებლო ფუნქციების ხვედრითი წონა მინიმალურია.