სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

30 May 2012

რა განაპირობებს საქალაქო ტურიზმის განვითარების საფუძველს?

რა განაპირობებს საქალაქო ტურიზმის განვითარების საფუძველს? ამ კითხვაზე მეცნიერების პასუხი სამ ბლოკად იყოფა.

1. ქალაქები, როგორც მიმზიდველობები, სადაც ხდება სამოგზაუროდ მიმზიდველი ფაქტორების თავმოყრა, ანუ განსაკუთრებული შარმისა და იმიჯის მქონე ქალაქი;
2. ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი სავსეა სამომხმარებლო საქონლით და აქ არსებობს ვაჭრობისთვის შესანიშნავი პირობები, ანუ ქალაქი, როგორც სავაჭრო ცენტრი;
3. დიდ ქალაქებს გააჩნიათ გართობისა და ინტელექტუალური დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები: მუზეუმები, თეატრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, დისკოთეკები, კაზინოები, სპორტული მოედნები, რესტორნები, ბარები, თემატური ფესტივალები და ა.შ., ანუ ქალაქი, როგორც კულტურული ცენტრი.

შესაბამისად კულტურული ტურიზმის პრობლემებით დაკავებული მეცნიერები იკვლევენ ქალაქების ეკონომიკას, ინფრასტრუქტურის განვითარების გზებს, კულტურულ და გასართობ მიმზიდველობებს, რაც ხდება საბოლოო ჯამში ტურისტების მოზიდვის საშუალება.

საქალაქო ტურიზმში, კულტურული ტურიზმის მკვლევარების აღიარებით, არის გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ერთობლიობა. გარეგან ფაქტორებში იგულისხმება ქალაქის გარეგნული იერსახე, კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება და კლიმატი. ხოლო შინაგან ფაქტორებში გულისხმობენ ქალაქში არსებულ ცხოვრების წესს: რელიგიას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ფოლკლორს, აგრეთვე ინდუსტრიის შემოქმედებით დარგებს: მოდას, არქიტექტურას, კინოსა და თეატრალური ხელოვნებას, გართობის საშუალებებს და ა.შ.
აშშ-ის ხელოვნების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემულია კულტურული ტურიზმის საჩვენებელი ობიექტების შემდეგი ჩამონათვალი:

 ისტორიული ადგილები;
 სამხატვრო გალერეები, თეატრები და მუზეუმები;
 კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და ბაზრობები;
 ეთნიკური თემები და დასახლებები;
 არქიტექტურული და არქეოლოგიური საგანძურები;
 ეროვნული და სახელმწიფო პარკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქები, რომლებსაც ძირითადი შემოსავლები ტურიზმის მეშვეობით აქვთ, შესაძლებელია დავყოთ ორ ჯგუფად: კულტურაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებულ ქალაქებად.

No comments:

Post a Comment