სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

04 June 2012

ღვინის ტურიზმის პირველი ნაბჯები "საქართველოს ღვინის გზაზე"



2012 წლის 29 მაისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი განახლა. ამჯერად, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის წარმომადგენელმა ზაზა გაგუამ და ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წარმოადგინეს მოხსენება: „ღვინის ტურიზმი საქართველოში – პირველი ნაბიჯები“.

მოხსენება, ძირითადად, მოიცავდა ანგარიშს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პროექტი - „საქართველოს ღვინის გზა“ ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში არსებული ღვინის კომპანიების, მცირე და ოჯახური მარნების მოძიებას, აღრიცხვას და ტურისტებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო კატალოგებში განთავსებას. ამავე დროს გზებზე მონტაჟდება სპეციალური ნიშნულები, რომლებიც ტურისტს მათ ადგილმდებარეობაზე მიანიშნებენ.

კომპანიებისა და მარნების შესარჩევად ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრისა და ღვინის კლუბის წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონი მოიარეს და იმ კომპანიებისა და მარნების ინფრასტრუქტურა შეისწავლეს, რომლებსაც ღვინის ტურიზმში ჩართვა სურთ. მათგან, საერთო ჯამში, ჯერჯერობით 26 საოჯახო მარანი და 18 ღვინის კომპანია შეირჩა, რომლებიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც ტურისტების მისაღებად და გასამასპინძლებლად არის აუცილებელი.

მალხაზ ხარბედიას და ზაზა გაგუას შეფასებით, რეგიონებში ამ დროისთვის ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა. დასავლეთ საქართველოში კვლავ ძალიან არის ფესვგადგმული შაქარზე და წყალზე ე. წ. ღვინის დაყენების „ტექნოლოგიები“, რაც ქართულ ღვინოს სახელს უტეხს და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა, კარგია, რომ მევენახე-მეღვინეებს აქვთ ღვინის ტურიზმში ჩართვის ინტერესი და თუ ამ ინტერესს გავაღვივებთ, შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. პროექტი „საქართველოს ღვინის გზა“ მცირე მარნებს საშუალებას აძლევს, განვითარდნენ და მისაბაძ მაგალითად იქცნენ სხვა მარნებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე „ღვინის გზას“ ასცდნენ.

1 comment:

  1. მისასალმებელია ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი

    ReplyDelete