სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

გურია

                                                                 მდებარეობა 
 
საქართველოს 11 რეგიონიდან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა.  ის მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში, მას აკრავს შავი ზღვის 22 კილომეტრიანი ზოლი. გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით, ლანდშაფტი უმეტესად მთაგორიანია. მისი გეოგრაფიული მდებარეობა უჩვეულოა, მთისა და ზღვის სიახლოვის გამო. გურია მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებით, კულტურული მემკვიდრეობით და ტრადიციებით, ის აგრეთვე ცნობილია წყალუხვი მდინარეების სიმრავლით.
გურიაში  მრავლადაა უძველესი ეკლესია-მონასტრები და არქიტექტურული ძეგლები, რაც მიმზიდველ გარემოს ხდის ტურისტებისთვის. გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება VIII საუკუნეში, როდესაც საქართველოში შემოიჭრა ულმობელი არაბი დამპყრობელი მურვან –იბნ–მუჰამედი იგივე ,,მურვან–ყრუ“, ის გადამწყვეტი ბრძოლის წინ გურიაში დაბანაკდა. იმის გამო რომ ის ხალხის თხოვნასა და ხვეწნა–მუდარას ყურს არ უგდებდა, მას ,,მურვან–ყრუ“ შეარქვეს, დღესაც გურიაში უყურადღებო ადამიანს მურვანას ეძახიან. 
           
    წყლები გურიის მთავარი ქონებაა. მოჩუხჩუხე და წყალუხვი მდინარეები, ანკარა წყაროები, მოუსვენარი ნაკადულები, ამ მხარის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია,  მაგრამ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მინერალური წყალი – ნაბეღლავი, (მოედინება ამავე სახელწოდების კურორტ–ნაბეღლავში), რომელიც თავისი ქიმიური შემადგენლობით გავს ბორჯომს.
გურიის წყლების შესახებ ძალზედ ლამაზად მოგვითხრობს კ. გვარამაძე: ,,გურიის მიდამოები ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთაგორებიდგან თვალს უწვდენ ხევ-ღელეებში და ღრმა კალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქეფობს და მოშხუის მთა ბარის ასაღებად და წასარღვნად”. ასევე ასახელებს გურიის შესანიშნავ მდინარეებს _ ნატანებს, ბჟუჟს, აჭის წყალსა და სუფსას.  
 
                                                                   საზღვრები
  
იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს ერთ რეგიონს, რომლის საზღვრები იყო დასავლეთით  შავი ზღვა, სამხრეთით - მდინარე ჭოროხი, ჩრდილოეთით - მდინარე რიონი და აღმოსავლეთით -აჭარა-გურიის ქედი. ის გურიის სამთავროს დროს ფლობდა შემდეგ ტერიტორიებს: ქობულეთი–ჩაქვის ტერიტორიებს, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილს, აჭარისა და ჭანეთის (გონიო) ჩრდილოეთ ნაწილი ძველად გურიის საზღვრებში შედიოდა.   გურიის ტერიტორიის შესახებ კ. გვარამაძე აღნიშნავდა: ,,გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძვლივს-ღა უჭერია”   
                                                                     
                                                                     კლიმატი            
გურიის მხარის ჰავა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსხვავებული და უჩვეულოა, იგი ნოტიო-სუბტროპიკულია. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სისუფთავე. ჰავის თავისებურება - გამორჩეული სამკურნალო თვისებები, განპირობებულია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. ზამთარი ზომიერად რბილია, ზაფხული ზომიერად გრილი. 
                                                                     ტერიტორია
 
რეგიონის ტერიტორია შეადგენს 2036.1 კვ.კმ-ს.

                                                                     მოსახლეობა 
 
2009 წლის მონაცემებით, გურიის მოსახლეობა შეადგენს 138.8 ათას კაცს. 
დასახლებული პუნქტი - 193მათ შორის: ქალაქი - 2, დაბა- 5, სოფელი - 186.
 
                                                                      მმართველობა
 
გურიის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის) მუნიციპალიტეტების მეშვეობით. მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (მუნიციპალიტეტის საკრებულო) და აღმასრულებელი (მუნიციპალიტეტის გამგეობა) ორგანოების მიერ.   
 
                                                                       ტრანსპორტი
 
ოზურგეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 350 კმ-ის დაშორებით. მეორე საერთაშორისო აეროპორტია ბათუმში, რომელიც დაშორებულია  60 კმ-ით. ბათუმში ფუნქციონირებს საზღვაო პორტი. ოზურგეთსა და ლანჩხუთში არსებობს რკინიგზის სადგური, ხოლო ავტოსადგური სამივე მუნიციპალიტეტშია.