სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

აჭარა



აჭარა საქართველოს ერთერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრია ბათუმი. აჭარას ჩრდილოეთით გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით-კარჩხალის ქედი, დასავლეთით კი არსიანის მთა ესაზღვრება.
აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მტებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. მესხეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებს შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული.
ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ჭარბი ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული მოკლე და თბილია. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით. აქ გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკე ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები, ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნეოვანი არქეოლოგიური ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.
სახელწოდება აჭარა VII ს-დან გვხვდება და სავარაუდოდ უკავშირდება გეოგრაფიულ სახელებს –აჭი, საჭანო. ჯერ კიდევ "ფარნავაზის ცხოვრებაში" (ძვ.წ.) აჭარა მოხსენიებულია მხარედ, რომელიც ზღვამდე აღწევდა და თავისი განუმეორებლობით დამპყრობლებს იზიდავდა. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება "აჭარის ქვეყნად". იგი იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად, ზემო აჭარად და ქვემო აჭარად. ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. აჭარა მესხეთის ნაწილს შეადგენდა.

ლეონტი მროველის ცნობით, ძვ.წ. III ს. აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა, VIII ს-ში კი ბაგრატიონთა სამეფოს ნაწილი იყო. XI საუკუნიდან აჭარა ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. XIII ს. მას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI ს. 70-იან წლებში აჭარაში ოსმალები ბატონობდნენ. XIX ს. ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა ოსმალეთისაგან გათავისუფლდა და რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში აჭარა ოკუპირებული იყო თურქების, შემდეგ კი ინგლისელების მიერ. 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც გაუქმდა 2004 წელს.
ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ) მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო - ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი, საავტომობილო გზების კვანძი. გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას. ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

ისტორია - ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.
ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ძველი ბერძნები ამ პუნქტს "ბათუსის" (Bathus) სახელით იცნობდნენ (პირველად მოხსენიებული აქვს არისტოტელეს). მომდევნო ხანის ბერძენი და რომაელი ავტორები (პლინიუს უფროსი, არიანე და სხვები) ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო.

ღირსშესანიშნაობები:
გონიოს ციხე (II ს.),
პეტრა ქაჯეთის ციხე (VI ს.),
ვერნევის დარბაზული ეკლესია (XI ს.),
თხილვალის დარბაზული ეკლესია (შუა საუკ.),
სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII ს.),
ხულოს ციხე (შუა საუკ.),
შუახევის ციხე (შუა საუკ.),
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები (მახუნცეთი, დანდალო, კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი),
ბათუმის ბოტანიკური ბაღი,
ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
აჭარის მუზეუმი,
ბათუმის აკვარიუმი,
ბოტანიკური ბაღი,
დელფინარიუმი.
საკულტო ნაგებობები:
მართლმადიდებლობის,
კათოლიციზმის,
ისლამის,
იუდაიზმის.

2 comments:

  1. პოსტში გამოყენებული მეორე ფოტოს ავტორი ვინ არის?

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete