სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

06 June 2012

საქართველო



საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდანრუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.
გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანისსანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.
საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრუმლზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
ბ) ძვ.წ მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე-რიონსა და მტკვარზე ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაში ხვდება, ნაწილი კი-აზიაში
გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება.
დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს(კავკასიის ბუნება ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
ე) ისტორიის,ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
ვ) თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო "ჩიხში" იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
საწვავი
ნავთობი-სამგორ პატარძეული,თბილისის მიდამოები, სუფსა
ნახშირი-ტყიბული,ტყვარჩელი
მურანახშირი-ახალციხე
ტორფი-კოლხეთის დაბლობი, ფოთთან
ლითონები
რკინა-ქვემო ქართლი(ბოლნისი)
მანგანუმი-ჭიათურა
სპილენძი-ბოლნისი
ტყვია_თუთია - ბოლნისი
ტყვია_თუთია_ბარიტი - ბოლნისი
დარიშხანი-სვანეთი,რაჭა
ვერცხლის წყალი-რაჭა,აფხაზეთი
საშენი და სხვა მასალა
საცემენტე მასალა-კასპი
თაბაშირი-სამეგრელო,ახალციხე
მარმარილო-კახეთი,აფხაზეთი
ტუფი-ბოლნისი,იმერეთი,შიდა ქართლი
მინერალური წყლები და სხვა
მინერალური წყლები-თითქმის ყველა რეგიონში
თერმული წყლები-სამეგრელო(მენჯი),იმერეთი(წყალტუბო)
სამკურნალო ტალახი-ახტალა(კახეთი)

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.
1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადომამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2012 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.497 მლნ-ს შეადგენს.
ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %,აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები— 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %;
რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსლიმანები — 9.9 %,სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.
დიდი ქალაქები: თბილისი — 1.162.400, ქუთაისი — 194.700, რუსთავი — 120.800, ბათუმი — 124.300, სოხუმი — 43.000, გორი —49.500 , ზუგდიდი — 84,000, ფოთი — 47,800,ცხინვალი — 7,000.

საქართველოს რეგიონები

კარგად რომ გაერკვიოთ საქართველოს რეგიონების ადგილმდობარეობას, გთავაზობთ რუკებს, სადაც კარგადაა ნაჩვენები თითოეული რეგიონი:











სამეგრელო-ზემო სვანეთი









იმერეთი









კახეთი









ქვემო ქართლი









შიდა ქართლი









სამცხე-ჯავახეთი








აჭარა











გურია









მცხეთა-მთიანეთი, ზემო ქართლი

05 June 2012

ზეთისხილის ბაზრის 100 % იმპორტს უკავია



საქართველოში ზეთისხილის ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. ბაზარი 100 პროცენტით იმპორტითაა გაჯერებული.
ზეთისხილის სანერგე მეურნეობებმა საქართველოში 2009 წლიდან დაიწყეს განვითარება.

კომპანია „ჯეოლაივს“ საქარველოში ზეთისხილის ნერგები თურქეთიდან 2009 წლიდან შემოაქვს. კომპანიის კოორდინატორი ტარიელ პაიშვილი „ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ზეთისხილის ნერგებზე მოთხოვნა გაჩნდა:

„ზეთისხილის პლანტაციების მოშენება მცირე ფერმერებმა, ძირითადად, კახეთში დაიწყეს. ჩვენც ამ რეგიონში ზეთისხილი 10 ჰექტარზე გავაშენეთ. ნერგი მოსავალს 5 წელიწადში იძლევა“.

ტარიელ პაიშვილის თქმით, კომპანია „ჯეოლაივი“ თურქულ–ქართული ინვესტიციებითაა შექმნილი:

„ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა კახეთში თურქული ინვესტიციებით აშენდება. 2014 წელს მიღებულ მოსავალს უკვე ადგილზე გადავამუშავებთ. პროდუქციის გასაღების კუთხით პრობლემა არ გვექნება, რადგან ადგიობრივ ბაზარზე მოთხოვნა დიდია.“

ტარიელ პაიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, ზეთისხილის პლანტაციები 500 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

„ჯეოლაივს“ ზეთისხილი 30 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია კახეთში დამატებით 65 ჰექტრის ათვისებას გეგმავს.

ადგილობრივ ბაზარზე ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის იმპორტი თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და სომხეთიდან ხორციელდება.

„ემ ენდ ეს ჯგუფს“ ადგილობრივ ბაზარზე კონსერვირებული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი საბერძნეთიდან შემოაქვს. კომპანიის ხელმძღვანელი სერგო ლომიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა საბერძნეთიდან იმპორტირებული პროდუქტი ხარისხიანია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია:

„ბერძნული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ძვირ სეგმენტზეა გათვლილი და ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი“.

„ემ ენდ ეს ჯგუფის“ მიერ იმპორტირებულ ბერძნულ ზეთისხილზე ფასები, დაფასოებიდან გამომდინარე, იცვლება. 250 –გრამიანი ზეთისხილის კონსერვის ფასი 4,50 ლარიდან იწყება, ზეითუნის ზეთის ფასი - 6,50 ლარიდან.

კომპანიის ხელმძღვანელი სერგო ლომიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას კომპანია „ჯეოკოპი“ უწევს.

„ჯეოკოპი“ ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს. კომპანია ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის იმპორტს საბერძნეთიდან და ესპანეთიდან ახორციელებს.

„ჯეოკოპის“ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მათ მიერ იმპორტირებულ პროდუქციას ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს:

„ადგილობრივ ბაზარზე 85– პროცენტიანი ნიშა ზეთისხილის სეგმენტში, ხოლო 90– პროცენტიანი ზეითუნის ზეთის სეგმენტში გვიჭირავს. ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს და ჩვენი პორდუქცია ყველგან იყიდება“.

კომპანია „ჯეოლაივის“კოორდინატორი ტარიელ პაიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტს, სავარაუდოდ, 2015 წლიდან დაუპირისპირდება.

ჩაის ბაზარი საქართველოში

2011 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,650 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 1 937 ტ. ჩაი გავიდა, იმპორტის სიდიდემ ამავე პერიოდში 734 ტ. (4,478 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა.



2011 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,650 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 1 937 ტ. ჩაი გავიდა, იმპორტის სიდიდემ ამავე პერიოდში 734 ტ. (4,478 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა.
კომპანია ,,ბიზნეს ექსპლორერის’’ კვლევით საქართველოდან ჩაი ექსპორტზე სულ 22 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტის მიხედვით ლიდერობს მონღოლეთი 618 ტონით (32 %), უკრაინა (266 ტონა / 14 %), გერმანია (196 ტონა / 10%) და თურქმენეთი (168 ტონა / 9 %), ექსპორტის 35 % დანარჩენ 18 ქვეყანაზე მოდის.ქვეყანაში ჩაის იმპორტი 25 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულია აზერბაიჯანი – 333 ტონა (45 %), შრი-ლანკა – 170 ტონა (23 %) და ირანი – 101 ტონა /(14 %), იმპორტის 18 % დანარჩენ 22 ქვეყანაზე მოდის.
1 კგ. საექსპორტო ჩაის საშუალო ფასი 0,85 აშშ დოლარია, იმპორტირებულის კი– 6,1 აშშ დოლარი. ადგილობრივმა წარმოებამ 2010 წელს 3 500 ათასი ტონა შეადგინა (შედარებისთვის, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი იყო 5 800 ტონა, 2008 წელს - 5 400 ტონა, ხოლო 2007 წელს - 7 500 ტონა).
,,ბიზნეს ექსპლორერის’’ კვლევის მიხედვით, მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია: ფერის მიხედვით - შავი ჩაი, დაფასოების მიხედვით - ჩაი ერთჯერად პაკეტებში.
ქართული კომპანიებიდან ადგილობრივ საცალო ქსელში – გურიელი (ჯეოპლანტი), სამაია, მარნეული და ტყიბულის ჩაი ლიდერობენ. ქართული ჩაის წილი ადგილობრივ ბაზარზე 20%–ის ფარგლებშია, სადაც ამ დროსათვის 20–მდე ადგილობრივი მწარმოებელი მოქმედებს.
2011 წ. იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,650 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 1 937 ტ. ჩაი გავიდა, იმპორტის სიდიდემ ამავე პერიოდში 734 ტ. (4,478 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა – ინფორმაცია BPI-ის კვლევების კომპანია ,,ბიზნეს ექსპლორერმა’’ მიაწოდა.

საქართველოდან ექსპორტი სულ 22 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტის მიხედვით ლიდერობს მონღოლეთი 618 ტონით (32 %), უკრაინა (266 ტონა / 14 %), გერმანია (196 ტონა / 10%) და თურქმენეთი (168 ტონა / 9 %), ექსპორტის 35 % დანარჩენ 18 ქვეყანაზე მოდის. იმპორტი 25 ქვეყნიდან მოხდა. იმპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულია აზერბაიჯანი – 333 ტონით (45 %), შრი-ლანკა – 170 ტონა (23 %) და ირანი – 101 ტონა /(14 %), იმპორტის 18 % დანარჩენ 22 ქვეყანაზე მოდის.
საექსპორტო ჩაის 1 კგ.- საშუალო ფასი 0,85 აშშ დოლარია, იმპორტირებულის კი 6,1 აშშ დოლარი. ადგილობრივმა წარმოებამ 2010 წ. 3 500 ათასი ტონა შეადგინა (შედარებისთვის, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი იყო 5 800 ტონა, 2008 წელს - 5 400 ტონა, ხოლო 2007 წელს - 7 500 ტონა).
,,ბიზნეს ექსპლორერის’’ კვლევის მიხედვით მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია: ფერის მიხედვით - შავი ჩაი, დაფასოების მიხედვით - ჩაი ერთჯერად პაკეტებში. საშუალო მომხმარებელი ჩაის არჩევს საკუთარი გამოცდილებით, შემდეგ რიგში კი სხვისი რჩევით. სეზონურობით - ზამთარში იყიდება დაახლ. 1,35-ჯერ მეტი ჩაი, ვიდრე ზაფხულში.
ჩაი უმეტესად ასოცირდება ოჯახთან, მოსვენებასთან და სიმშვიდესთან. ყველაზე მეტ ჩაის მომხმარებელი მიირთმევს ოჯახში, შემდეგ - სამუშაო ადგილზე. ჩაი ყველაზე ხშირად და მეტი რაოდენობით იყიდება მყიდველთა ახლოს მდებარე მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.
ქართული კომპანიებიდან ადგილობრივ საცალო ქსელში – გურიელი (ჯეოპლანტი), სამაია, მარნეული და ტყიბულის ჩაი ლიდერობენ. ქართული ჩაის წილი ქართულ ბაზარზე 20%–ის ფარგლებშია. საქართველოს ბაზარზე ამ დროსათვის 20–მდე ადგილობრივი მწარმოებელი მოქმედებს.

ტურიზმი და ეკოლოგია (ცოტა რამ ზოგადად ტურიზმის შესახებ)



მე-20 საუკუნის ბოლოდან ტურიზმი გადაიქცა საერთაშორისო და ინტერნაციონალურ ინდუსტრიად, რასაც ხელი შეუწყო ორმა ურთიერთგანმაპირობებელმა ფაქტორმა. ერთი მხრივ, ტურისტული საწარმოები დიდი სარგებლისა და შემოსავლიანობის გასაზრდელად სისტემატურად აფართოებენ მოგზაურობის გეოგრაფიას მთელ მსოფლიოში და, მეორე მხრივ, რენტაბელობის ასამაღლებლად ახდენენ ტურისტული ბიზნესის ინვესტირებას საერთაშორისო დონეზე.

ვინაიდან ტურიზმი წარმოადგენს საქმიანობის მეტად რთულ სფეროს, რომელიც მოიცავს საზოგადოებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს, ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ როგორც მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორთა ურთიერთდაკავშირებული სისტემა.

ტურიზმში მოთხოვნის ფაქტორებია საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იყენებს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ობიექტებს და მომსახურებას. მიწოდების ფაქტორები კი მოიცავს:

1) ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ, ბუნებრივ, კულტურულ და ისეთ სპეციალურ ობიექტებს, როგორიცაა თემატური პარკები, ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და სხვა, აგრეთვე საქმიანობის იმ სახეებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ღირსშესანიშნაობებთან;

2) ტურიზმის ძირითად საშუალებებს, რომელსაც მიეკუთვნებიან სასტუმროები, კემპინგები, სტუმრის სახლები და განთავსების სხვა საშუალებები, სადაც ტურისტები ღამეს ათენებენ;

3) ტურებისა და მოგზაურობების ორგანიზაციას, რესტორნებს, მაღაზიებს, საბანკო მომსახურებას, ვალუტის გაცვლას, აგრეთვე სამედიცინო პუნქტებს.


ბუნებრივია, ზემოაღნიშნული მიწოდების ფაქტორებით სარგებლობისათვის საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგიას, ტელეკომუნიკაციებს, ნარჩენების მოცილებას და სხვა.

შესაფერისი ინფრასტრუქტურა სჭირდება ბუნების დაცვასაც, რომელიც ხელს უწყობს გარემო ბუნების მდგრად შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია ტურიზმის ბიზნესის გასავითარებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ძირითადი ფუნქციაა დააკმაყოფილოს მოსახლეობის ტურისტულ-რეკრეაციული მოთხოვნილებანი, მაგრამ ამავე დროს, იგი ასრულებს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ფუნქციებსაც.

ტურიზმის ეკონომიკური ფუნქცია ვლინდება რამდენიმე ფორმით:

1) სწორი ორგანიზაციის პირობებში მას მოაქვს სწრაფი მოგება (მათ შორის უცხოური ვალუტაც), მაშინ როცა სხვა დარგებში მოგების მიღებას სჭირდება რამდენიმე ან ათეული წელი;

2) ტურიზმის მეშვეობით ხორციელდება ე.წ. „უხილავი ექსპორტი“, როცა ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი ტურისტულ მომსახურებას იძენს უცხოურ ვალუტაზე და ქვეყანაში შემოაქვს სავალუტო შემოსავლები;

3) ტურისტული კომპლექსების ფუნქციონირება დიდადაა დამოკიდებული ტურიზმის მომსახურე დარგების განვითარების დონეზე. კერძოდ, საგარეუბნო ტიპის სოფლის მეურნეობაზე, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ცალკეულ დარგებზე, ტრანსპორტზე, სამშენებლო ინდუსტრიაზე, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, კულტურულ მომსახურებაზე და სხვა.


ტურიზმის სოციალური ფუნქცია ვლინდება იმაში, რომ:

ა) იგი ასტიმულირებს კულტურათაშორის გაცვლით ურთიერთობებს;

ბ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას;

გ) განათლებას საკუთარი ქვეყნის შიგნით;

დ) რეკრეაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფას.


ტურიზმის ეკოლოგიური ფუნქციები კი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ბუნებრივი ტერიტორიების და ფაუნის, ზღვის, ეკოსისტემების, ეროვნული პარკების, ტყეებისა და ნაკრძალების განვითარებას, არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტების აღდგენა-განახლებას, მათ დაფინანსებას, გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან, ხმაურისა და გადატვირთვისაგან.

ბუნებრივი რესურსებისა და გარე სამყაროს დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ტურიზმის გასავითარებლად. მაგალითად, სასტუმროები, კემპინგები, კურორტები, რომლებიც განლაგებულია ეკოლოგიურად „ხელუხლებელ“, ეგზოტიკურ ბუნებაში უფრო პოპულარულია და მეტ ტურისტსა და დამსვენებელს იზიდავს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ტურისტები და დამსვენებლები უპირატესობას ანიჭებენ არა პასიურ, არამედ აქტიურ ბუნების წიაღში მოგზაურობასა და დასვენებას. თუ ერთ შემთხვევაში ეკოლოგიური ტურიზმი გვევლინება როგორც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებაში მოგზაურობად, მეორე შემთხვევაში იგი უნდა განვიხილოთ როგორც სუფთა გასაყიდი ტურისტული პროდუქტი. ორივე შემთხვევაში, ეკოლოგიური ტურიზმი მდგრადი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

თანამედროვე პირობებში ბევრი განვითარებადი და განვითარებული ქვეყანა გამოჰყოფს დიდ ტერიტორიებს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებისათვის. მაგალითად, კოსტარიკამ თავისი ტერიტორიების 30% დაცულად გამოაცხადა და ტურიზმი ამ ქვეყნისათვის მოგების ძირითადი წყაროა. აშშ-ში ყოველწლიური შემოსავალი ეკოტურიზმიდან 220 მლნ დოლარია, კენიაში ეროვნული პარკების გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი 450 მლნ. დოლარია, ხოლო ეკვადორში - 180 მლნ.

ძალიან დიდი დაინტერესებაა ეკოტურიზმის მიმართ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ტანზანია და სხვა.

ეკოლოგიური ტურისტული საზოგადოების შტაბ-ბინა ვაშინგტონშია, რომელიც სამეცნიერო, ინფორმაციული და სტრატეგიული საქმიანობის განვითარების ცენტრია. იგი აწარმოებს და ამუშავებს ისეთ პროგრამებს, რომელიც მიმართულია რეგიონული სტრუქტურისაკენ. 1971 წლიდან იუნესკო ამუშავებს პროგრამას „ადამიანი და ბიოსფერო“, რომლის მიხედვით, მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლებს ენიჭება „მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურის“ სტატუსი. იუნესკოს ფონდშია მოხვედრილი ჩვენი ისეთი უნიკალური ძეგლები, როგორიცაა: ქ. მცხეთა, უშგული, ბაგრატი და გელათი.

საერთოდ, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ველური ბუნების დამცავი ფონდი (WWF), რომელიც განვითარებად ქვეყნებში ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების მიზნით ატარებს გამოკვლევებს. ამ ფონდს დიდი ღვაწლი მიუძღვის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მოწყობაში.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიების მდგრადი განვითარება, რომელიც ასევე მიეკუთვნება ეკოტურიზმის სფეროს, ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სამუშაო ადგილების ორგანიზაციას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ტურისტული მომსახურების სფეროში, რაც ბუნებრივია ამაღლებს მოცემულ რეგიონსა თუ ქვეყანაში მცხოვრებთა ცხოვრების დონეს.

ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებლად დაცული უნდა იქნას სარეკრეაციო რეგიონების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და ყველა ბუნებრივი რესურსი. ბუნებრივია, ეკოტურიზმი წარმატებით ვერ განვითარდება, თუ მისგან მიღებული სახსრების გარკვეული ნაწილი არ ჩაიდება რეკრეაციული ტერიტორიების დასაცავად და რეკრეაციული სარგებლის შედეგის მისაღებად.

სამწუხაროდ, დღეისათვის კაცობრიობა ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფის გლობალური პრობლემების წინაშე დგას, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია თანამედროვე ცხოვრების წესი (მოხმარებაზე ორიენტირებული პრინციპი). რესურსების არარაციონალური გამოყენების შედეგად შეიძლება ბუნებამ ამოწუროს თვითაღდგენის უნარი, განსაკუთრებით ეს ეხება ტყის მასივებს, რომლის დეგრადირება უამრავ უარყოფით ეკოლოგიურ შედეგს იწვევს.

ამჟამად პლანეტაზე 4 მლრდ. ჰა ტყეა, რომელსაც მიწის სავარგულების 80% უჭირავს. განვითარებად ქვეყნებში ტყე წარმოადგენს მცხოვრებთა უმეტესობის ერთადერთ სასიცოცხლო წყაროს. ასეთი ქვეყნებია: ბანგლადეში, შუა აფრიკის სავანები, ლათინური ამერიკის ქვეყნები, გვატემალა, ჰონდურასი, პარაგვაი. მათ რიცხვში ჩვენი ქვეყანაცაა. აღსანიშნავია, საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობიდან სატყეო ფონდს უკავია 40%, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ტყის მასივები თანდათანობით ნადგურდება. ინგლისში დღეისათვის განადგურებულია ტყეების 95%, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ადრე არსებული ტყეების სულ 10-15% დარჩა. ექსპერტთა შეფასებით ყოველწლიურად ნადგურდება ტყის თითქმის 1%. ტყის განადგურების უპირველეს მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს: ტყის უკანონო ჭრას, სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას, ურბანიზაციას და ინდუსტრიალიზაციას, საქალაქო მშენებლობას, ფორსმაჟორულ სიტუაციებს (მათ შორისაა ომისაგან მიყენებული ზარალი).

1997 წელს ქ. ანტალიაში ჩატარებულ მსოფლიო მეტყევეთა XI კონგრესზე აღინიშნა, რომ 2010 წლისათვის მსოფლიოში მერქნის მოხმარების დონე ყოველწლიურად 4 მლრდ. მ3-ს მიუახლოვდება. მსოფლიოს თითქმის უმეტეს ქვეყნებში ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს ტყეების მიუღებელი ექსპლუატაცია. დედამიწაზე ყოველ წუთში იჭრება 26 ჰა ტყე, ცალკე ტროპიკებში კი - 40 ჰა. ყოველწლიურად კი, დაახლოებით 14 მლნ. ჰა. ასეთი ტემპით ტყეების განადგურება დედამიწაზე ქმნის ურთულეს ეკოლოგიურ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, თუ არ გატარდა გადამჭრელი ზომები ტყის გადასარჩენად და მისი პერიოდული განახლებისათვის, უკვე უახლოეს 20 წელიწადში დაგვიანებული იქნება და მოსალოდნელია ისეთი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს კაცობრიობისათვის. ამას თან ერთვის ბიოდივერსიები, რომელიც ანადგურებს ტყის ფლორას, ფაუნას და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, რომელთა არსებობა აუცილებელია ბუნებაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.

ტყეების განადგურების მავნე შედეგებია: კლიმატის ცვლილებები, გამოშრობა და ნიადაგის ეროზია, მეწყერები და აქედან გამოწვეული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები (მაგ., სვანეთისა და აჭარის ტყეები, სადაც ფერდობების ეროზია და მისგან გამოწვეული მეწყერები, ტყეების ნაწილობრივმა ჭრამაც გამოიწვია). სამწუხაროდ, ამ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში უამრავი უნიკალური ჯიშის ხე მოიჭრა და საზღვარგარეთ გაიზიდა.

ზემოაღნიშნულის გადმოცემა იმისათვის დაგვჭირდა, რომ რუსეთის აგრესიით გამოწვეული საქართველოს სავალალო მდგომარეობა დაგვეკავშირებინა ტურიზმთან, რომლის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მოთხოვნაა ბუნებრივ-კლიმატური პირობები, განვითარებული ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ტურიზმის სხვადასხვა სახე, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და შემოსავლების ზრდის წყაროა. 1993 წელს საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში. 1995 წლიდან ისევ დაიწყო აღმავლობა ტურიზმმა, რომელიც 90-იან წლებში პარალიზებული იყო იმ პერიოდის პოლიტიკური მოვლენების გამო. 1995 წლიდან 2007 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსულ ვიზიტიორთა და ტურისტთა რიცხოვნობა გაიზარდა თითქმის 13-ჯერ და მიაღწია 1052,0 ათასს. მიმდინარე წელს ვვარაუდობდით ქვეყანაში 1,3 მლნ. ვიზიტიორისა და ტურისტის შემოსვლას, სამწუხაროდ, ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპები, ალბათ, საკმაოდ შენელდება.

ზარალი, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიამ მიაყენა, ცხადია, ძალიან დიდია. ამ ციფრის დაზუსტება ჯერ ჯერობით შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ისევ დგას რუსეთის ჯარი და მისი გადაადგილების მარშრუტი რუსი გენერალიტეტის ნებასურვილით იცვლება.

ქართველი ექსპერტების ვარაუდით ზარალი შესაძლოა 20-30 მილიარდ დოლარს გაუტოლდეს. მდგომარეობის საბოლოო გამოსწორება დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ პროცესებზე, კერძოდ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე, რაც ამ დროისათვის კრიზისულია.

გარდა ტურიზმისა, სერიოზული პრობლემები აქვთ სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას და სხვა დარგებს. ხოლო ტურიზმი შეიძლება ითქვას, დიდი ხნით გამოეთიშა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებს. დღევანდელი გადასახედიდან საქართველო ტურისტული ინვესტიციებს კარგა ხნით უნდა დაემშვიდობოს. ჯერჯერობით, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ბედი ეწევა საქართველოში ტურიზმს, ვიდრე რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. სამწუხაროდ, მათ გაანადგურეს უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სადაც მრავალი ეკო-ტურისტული მარშრუტი გადიოდა და რაც ასე იზიდავდა როგორც შიდა, ასევე უცხოელ ტურისტებს. აგრესორებმა დიდი ზიანი მიაყენეს ასევე კოლხეთის ტყე-პარკსაც საუკუნოვანი, უნიკალური ხეების მოჭრით.

ტურიზმის დეპარტამენტის მცდელობით ნაწილობრივ დაზუსტდა აგვისტოს თვის ზარალი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ კერძო კომპანიებს უფლება აქვთ კონკურენციის გამო არ გასცენ ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. ამიტომ დეპარტამენტს ინფორმაცია ორასიდან მხოლოდ 132 ტურისტულმა კომპანიამ მიაწოდა. ამ მონაცემების მიხედვით გაუქმდა 225 ტურისტული ჯგუფი, ანუ საქართველოში მოგზაურობაზე უარი განაცხადა 4392 ტურისტმა, რაც ციფრებში იძლევა საშუალოდ 50 000 ათასი აშშ დოლარის ზარალს. შარშან აგვისტოში საქართველოში 100 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა და ექსპერტების შეფასებით მათ მიერ გაწეულმა დანახარჯებმა 7 მილიონი ლარი შეადგინა. ასეთია ტურიზმისათვის მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ზარალი. სავარაუდოდ, მომდევნო თვეებშიც ტურისტული ჯგუფების შემოსვლა ასევე გაუქმდება და ზარალიც თვეების შესაბამისად მოიმატებს. ასევე გადაიდო ტურისტული საწარმოების მონაწილეობა საერთაშორისო ბაზრობებშიც.

გარდა ეკონომიკურისა, დიდი ეკოლოგიური ზარალი განიცადა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა ტყე-პარკმა. მისი ტერიტორია შეადგენს საქართველოს საერთო ფართობის 1%-ს. იგი ითვლება ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს პარკად. ტყე-პარკისათვის საჭირო მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობებისათვის გერმანელების მიერ დახარჯულია 15 მლნ ევრო. ტყე-პარკში მთლიანად დამწვარია 300 ჰექტარზე მეტი ფართობი, ხოლო დაზიანებულია თითქმის 900 ჰა. პარკის ტერიტორიაზე ცეცხლის სამი კერა იყო: ზორეთის, ქვაბისხევის და ლიკანის. დაზიანდა უნიკალური ბიოცენოზი, რომლის სრულ აღდგენას, ექსპერტების აზრით დასჭირდება 300 წელი. განადგურდა როგორც ფლორა (ხე, ბუჩქი, ბალახი), ისე ფაუნა (წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ფრინველები და ცხოველები). დაზიანებულ ტერიტორიაზე ამჟამად არც ერთი ხერხემლიანი ცხოველი აღარ ბინადრობს, და თუ რომელიმე გადარჩა, მას ზამთარში საცხოვრებლის პოვნის დიდი პრობლემა ექნება.

განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა ხანძარმა ატენის ხეობას, სადაც 50 ჰექტარი ტყე დაიწვა. განადგურდა ხეობის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. დიდი ზიანი მიადგა სამაჩაბლოში ეკლესია-მონასტრებს.

ფოთის პორტში კი, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ქართული კატარღების აფეთქებისა და ჩაძირვის დროს, ზღვაში ჩაიღვარა ავზებში არსებული საწვავის დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტი (დიზელი, ბენზინი, სამანქანო ზეთი). სავარაუდოდ, ზღვაში ჩაღვრილია 30 ტონამდე ნავთობპროდუქტი, რაც დიდ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ საკურორტო და ტურისტულ ობიექტებს.

ჩვენს ქვეყანას პრობლემების ზღვა დაუგროვდა, რომელთა გადაჭრა დიდ ძალისხმევასა და სახსრებს საჭიროებს.

დროულად უნდა დაიწყოს გადამწვარი ტყეების აღდგენა-განაშენიანებისათვის საჭირო ლოკალური გეგმების შედგენა, კონკრეტული ბუნებრივ-კლიმატური და რეგიონული პირობების შესაბამისად. ამისათვის უნდა მოხდეს ტყისაგან გამოთავისუფლებელი ადგილების მკაცრი აღრიცხვა და ბარიერით შემოღობვა, რათა ნიადაგში დარჩენილი მცენარეთა საღი ძირები არ დაზიანდეს; ამოითხაროს ნერგების დასარგავი ორმოები და მოხდეს მცენარეთა ნერგების დარგვა მათი გამოკვებით და ზედაპირის პერიოდული დამუშავებით.

რაც შეეხება ტურიზმს, აქ პარალელურად უნდა მოხდეს ომისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ომმა საგრძნობლად დააზიანა. ესაა გზები, ენერგია, ტელეკომუნიკაციები, გასატანია უამრავი ნანგრევი და ნაგავი; მისახედია ტურისტული ღირსშესანიშნაობები. შესაფერისი ინფრასტრუქტურა სჭირდება ბუნების დაცვასაც. ყოველივე ეს ხელს უწყობს გარემოს შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია ტურისტული საქმიანობის გასავითარებლად და სასურველია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად თითქმის 30 სახელმწიფო ითვლება ტურიზმისათვის არასასურველად, სადაც რთული პოლიტიკური მდგომარეობა ან საომარი კონფლიქტებია.

დიდი ჩინელი სწავლულის კონფუცის გამონათქვამით: თუ ქვეყანაში მღელვარებაა - არ გაემგზავროთ. ქვეყანაში თუ აჯანყებაა - იქედან გამოემგზავრე. სამწუხაროდ, 2,5 ათასი წლის მანძილზე არაფერი არ შეცვლილა და ეს გამონათქვამი დღესაც აქტუალურია.

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათი თვალსაზრისით, სწორი მენეჯმენტის განხორციელებისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით, ქვეყანა მალე შეძლებს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ტურიზმის ჩაბმას საერთო სამეურნეო პროცესებში. ზოგიერთი სკეპტიკოსი ექსპერტის აზრით კი, ქვეყანაში ტურიზმის ამოქმედებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

04 June 2012

ღვინის ტურიზმის პირველი ნაბჯები "საქართველოს ღვინის გზაზე"



2012 წლის 29 მაისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი განახლა. ამჯერად, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის წარმომადგენელმა ზაზა გაგუამ და ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წარმოადგინეს მოხსენება: „ღვინის ტურიზმი საქართველოში – პირველი ნაბიჯები“.

მოხსენება, ძირითადად, მოიცავდა ანგარიშს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პროექტი - „საქართველოს ღვინის გზა“ ითვალისწინებს საქართველოს ყველა რეგიონში არსებული ღვინის კომპანიების, მცირე და ოჯახური მარნების მოძიებას, აღრიცხვას და ტურისტებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო კატალოგებში განთავსებას. ამავე დროს გზებზე მონტაჟდება სპეციალური ნიშნულები, რომლებიც ტურისტს მათ ადგილმდებარეობაზე მიანიშნებენ.

კომპანიებისა და მარნების შესარჩევად ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრისა და ღვინის კლუბის წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონი მოიარეს და იმ კომპანიებისა და მარნების ინფრასტრუქტურა შეისწავლეს, რომლებსაც ღვინის ტურიზმში ჩართვა სურთ. მათგან, საერთო ჯამში, ჯერჯერობით 26 საოჯახო მარანი და 18 ღვინის კომპანია შეირჩა, რომლებიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც ტურისტების მისაღებად და გასამასპინძლებლად არის აუცილებელი.

მალხაზ ხარბედიას და ზაზა გაგუას შეფასებით, რეგიონებში ამ დროისთვის ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა. დასავლეთ საქართველოში კვლავ ძალიან არის ფესვგადგმული შაქარზე და წყალზე ე. წ. ღვინის დაყენების „ტექნოლოგიები“, რაც ქართულ ღვინოს სახელს უტეხს და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა, კარგია, რომ მევენახე-მეღვინეებს აქვთ ღვინის ტურიზმში ჩართვის ინტერესი და თუ ამ ინტერესს გავაღვივებთ, შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. პროექტი „საქართველოს ღვინის გზა“ მცირე მარნებს საშუალებას აძლევს, განვითარდნენ და მისაბაძ მაგალითად იქცნენ სხვა მარნებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე „ღვინის გზას“ ასცდნენ.

სტატისტიკა და ანალიზი



საქართველოში სულ აღრიცხულია 103 კურორტი,30 საკურორტო ზონა და რაიონი.თუმცა თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოწყობილია მათგან მხოლოდ 29%-ზე.

საკითხის შეჯამება და ანალიზი - საქართველოში ტურიზმის განვითარების მართლაც დიდი პოტენციალია, თუმცა ეს დარგი სრულყოფილად არ არის განვითარებული, ვინაიდან მისი წილი მთლიან ეროვნულ პროდუტში ჯერ კიდევ მცირეა. აღსანიშნავია ზრდის ტენდენცია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი აქვეყნებს სტატისტიკას:
1. 2009წელი 334483 ათასი ტურისტი
2. 2010წელი 432458ათასი ტურისტი
აღინიშნება 29% ზრდა. ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს წარმოადგენს: თბილისი, ბათუმი, სიღნაღი, მცხეთა და შემდეგ სხვა დანარჩენი კურორტები.

ამ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საჭიროა კიდევ უფრო მეტი, თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვა მასობრივად,მოწესრიგება შიდა საკონიმუკაციო სისტემებისა, ახალი სასტუმროების მშენებლობა და ხელმისაწვდომი, ეფექტიანი ტურების დაგეგმვა. მთავარი თვისებები იქნება ეს სტუმართმოყვარეობა თუ სანახაობრიბი მხარე უხვად გვაქვს.საქართველოს ნამდვილად აქვს უნარი და შესაძლებლობა გადაიქცეს ტურისტულ ცენტრად.

ტურები და ტურისტის მოთხოვნები - ადამიანებს ყოველდღე უჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ თავიანთ ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ.სასიამოვნოდ გაატარონ დრო მეგობრებთან,საყვარელ ადამიანებთან ერთად ან სულაც მარტო.ტურისტის სურვილისამებრ ტურები არსებობს ინდივიდუალური ან ჯგუფური. ინდივიდუალური ტური აძლევს ტურისტს უფრო მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას თუმცა შედარებით ძვირია, რადგან ისეთი მომსახურეობა როგორიცაა მარშუტსშიდა ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა მათ უნდა გადაიხადონ მთლიანად.ამავდროულად ინდივიდუალური ტურის ორგანიზება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ღირებულებიდან გამომდინარე არ არის ხელმისაწვდომი მასიური ტურისტებისათვის.
ჯგუფური ტურები შედარებით იაფია, თუმცა ჯგუფური ტურების დროს ჯგუფის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს.

ყველა ტიპის მოგზაურობის დროს ტურისტის მოთხოვნები ეფუძნება შემდეგ თვისებებს: ეფექტურობა(მაქსიმალური ეფექტის მიღება),სიმარტივე(გადაადგილების დროს), სარგებლიანობა - უნარი ემსახუროს ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევას (მაგ:დასვენება, შემეცნება.

სპეციალისტების აზრით, ტურისტული პროდუქტისათვის შეუფასებელი თვისებაა სტუმართმოყვარეობა. მის გარეშე ტურისტი ვერ მიიღებს მოსალოდნელ კმაყოფილებას. სტუმართმოყვარეობა ტურისტულ ინდუსტრიაში პროფესიონალური მოთხოვნილებაა. მისი შემადგენელი ნაწილებია: ღირსება,პატივისცემა, და პერსონალის კეთილგანწყობა. ყოველივე ეს ტურისტის წასვლის შემდეგ მისი კმაყოფილების განსაზღვრელია.
საქართველოს ბუნებრივი ტურისტული რესურსები - ტურიზმი მსოფლიოს ეკონომიკის წამყვანი დარგია. ტურიზმი მსოფლიოს მთლიანი პროდუქტის 10% აწარმოებს. საქართველოში ეს დარგი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ბუნებრივი რესურსები. საქართველოს ბუნებრივი ტურისტული რესურსები მოიცავს: კლიმატურ, ბალნეოლოგიურ,ზღვის,თოვლ-მყინვარის,შიდა წყლების და ბუნების სხვა კომპონენტებს. კლიმატური პირობების მიხედვით:სამკურნალო გამაჯანსაღებელი კურორტებია-ბაკურიანი,ბახმარო,ლიკანი რიწა და ა.შ.

ბალნეოლოგიური კურორტებია: ნაბეღლავი,საირმე,ნუნისი,წყალტუბო.საქართველოში ფუნქციონირებს ორი ტალახ-სამკურნალო კურორტი ახტალა და კუმისი.

ჩვენი ქვეყნის სანაპირო ხაზის სიგრძე 300-კმ აღემატება დასვენებისათვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობაა 130. ზღვის კურორტებია: ბათუმი,ქობულეთი,ურეკი, ანაკლია და სხვა. ზამთრის კურორტებიდან აღსანიშნავია სვანეთი, გუდაური, ბაკურიანი. აქ თოვლის მდგრადი საფარი მინიმუმ 30 სმ საჭიროა 3 თვე.საქართველო მდიდარია ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებითა და უძველესი ნაგებობებით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი ტურისტული რესურსი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და წარმატების მთავარი გარანტიაა.

ტურიზმის სასწავლო ცენტრი, კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ბიბლიოთეკა

პროექტის მიზანია ერთ სივცეში გააერთიანოს ტურიზმის სასწავლო ცენტრი, კვლევისა და განვითარების ცენტრი და ბიბლიოთეკა. მსგავსი პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და ტურიზმის სფეროში არსებული ლიტერატურის ხელმისაწვდომობას ფართო აუდიტორიისთვის.
სასწავლო ცენტრი - სასწავლო ცენტრი მსმენელებს შესთავაზებს საერთაშორისო პროგრამებს და გასცემს შესაბამის სერთიფიკატებს. ცენტრში იქნებიან მოწვეული როგორც ქართველი, ისე უცხოელი ლექტორები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს ზოგადად ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ტურიზმის შესახებ. ცენტრი შესთავაზებს მსურველებს დისტანციურ კურსებსაც.
სასწავლო ცენტრში არსებული ბაზის საშუალებით დაინტერესებული პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში.
კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ცენტრი გააერთიანებს ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ მკვლევარებსა და მეცნიერებს. ცენტრი უმასპინძლებს თემატურ ვორკშოპებს, სემინარებსა და პრეზენტაციებს ქართველი და უცხოელი გამომვსლელების მონაწილეობით. ის იქნება ერთგვარი პლატფორმა ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და მკვლევარების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ერთობლივი პროექტების განსახორცილებლად.
ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკის საშუალებით სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ტურიზმის სფეროში არსებულ ლიტერატურას. წიგნებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში. მომხმარებლები შეიძენენ წლიურ საწევროს ბიბლიოთეკის რესურსების გამოყენებისათვის.
ბიბლიოთეკა აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით, სადაც ბიბლიოთეკის წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ელექტორნული ბაზებით (Jstore, Leisure Tourism, Business Source Premier, etc ) და ელექტრონული ბიბლიოთეკით (Ebrary, NetLibrary, etc).