სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი


რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდიოლეთით კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.
ვახუშტი ბატინოშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახავს: "ეს რა ჭა ყოფილაო!" ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.
თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X ს. ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომელიც XIII ს-დან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა იყოფა მთის რაჭად, ზემო და ქვემო რაჭად.






საქართველოს სამი ულამაზესი კუთხე – რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ჩვენი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შედის ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი (ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი), საქართველოში კი მესტიის რაიონი; დასავლეთით – სამეგრელოს მუნიციპალიტეტები; სამხრეთით იმერეთის მუნიციპალიტეტები, ასევე მხარის მოსაზღვრეა ამჟამად სამაჩაბლოში (ე. წ. სამხრეთ ოსეთი) შემავალი ჯავის მუნიციპალიტეტი. მხარის ტერიტორია 4601,3 კვ. კმ-ს მოიცავს, მისი მდებარეობა ზღვის დონიდან 400 მეტრსა და 5000 მეტრს შორის მერყეობს. აქ, ძირითადად, ქართველები სახლობენ, მათი საერთო რაოდენობა 49 000 კაცს აღწევს.
რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ალპური სათიბ - საძოვრები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, სვანური მურყვამები (კოშკები) და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.
საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები – შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ქვეშვაკე, მუაში, სორტუანი, ბუგეული, ხიდიკარი, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა საკურორტო ადგილები – ხიდიკარი, წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა და სხვა.
მხარეში უამრავი საინტერესო, უნიკალური ისტორიულ - ეთნოგრაფიული, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, ხონჭიორი, მრავალძალი, პატარა ონი, ღები, კვირიკეწმინდა, ლაილაში, ჩაჟაშის კომპლექსი, მინდა - ციხე, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი - “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა, VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და თეოლოგის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ა. შ.
საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსული რომ ვაზთან, ვენახთანაა დაკავშირებული, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ყოველივე ამას უმალ იგრძნობს ადამიანი, როდესაც თუნდაც ერთხელ ეწვევა საქართველოს ამ ლამაზ კუთხეებს და იქაურ ღვინოებს - “ხვანჭკარას”, “ალექსანდრეულს”, “ოჯალეშს” ან “თეთრას” დააგემოვნებს. საქართველოში გავრცელებული ვაზის 600 ჯიშთაგან, ამ მხარეში 300- მდე სახეობის ყურძენი მოჰყავთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო “ხვანჭკარა”, რომელსაც ადრე რაჭის ამავე სახელწოდების სოფელში, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშისაგან ამზადებდნენ.
ისტორიულ - ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს XI საუკუნის ნიკორწმინდისა და XVIII საუკუნის ბარაკონის ტაძრები. ცნობილი შაორის წყალსაცავი, - რაც შესანიშნავ პირობებს ქმნის ტურისტის მოსაზიდად.

ღირსშესანიშნაობები:


ნიკორწმინდას ეკლესია (XI ს.),
მინდას ციხე,
ონის ციხე (შუა საუკუნეები),
პატარა ონი – დარბაზული ეკლესია (XI ს.),
შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.),
მთისკალთის(მრავალძალის) დარბაზული ეკლესია(X-XI სს., XIX ს.),
უწერა - დარბაზული ეკლესია,
ნანგრევები (X ს.), ღები,
გამაგრებული საცხოვრებელი (შუა საუკუნეები),
ბარაკონის ეკლესია (XVIII ს.),
ხვანჭკარის ციხე და ეკლესია (შუა საუკუნეები),
ხოტევის ციხე (შუა საუკუნეები),
ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.)