სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან (ქალაქებიდან):

05 June 2012

ტურიზმი და ეკოლოგია (ცოტა რამ ზოგადად ტურიზმის შესახებ)



მე-20 საუკუნის ბოლოდან ტურიზმი გადაიქცა საერთაშორისო და ინტერნაციონალურ ინდუსტრიად, რასაც ხელი შეუწყო ორმა ურთიერთგანმაპირობებელმა ფაქტორმა. ერთი მხრივ, ტურისტული საწარმოები დიდი სარგებლისა და შემოსავლიანობის გასაზრდელად სისტემატურად აფართოებენ მოგზაურობის გეოგრაფიას მთელ მსოფლიოში და, მეორე მხრივ, რენტაბელობის ასამაღლებლად ახდენენ ტურისტული ბიზნესის ინვესტირებას საერთაშორისო დონეზე.

ვინაიდან ტურიზმი წარმოადგენს საქმიანობის მეტად რთულ სფეროს, რომელიც მოიცავს საზოგადოებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს, ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ როგორც მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორთა ურთიერთდაკავშირებული სისტემა.

ტურიზმში მოთხოვნის ფაქტორებია საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იყენებს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ობიექტებს და მომსახურებას. მიწოდების ფაქტორები კი მოიცავს:

1) ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ, ბუნებრივ, კულტურულ და ისეთ სპეციალურ ობიექტებს, როგორიცაა თემატური პარკები, ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და სხვა, აგრეთვე საქმიანობის იმ სახეებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ღირსშესანიშნაობებთან;

2) ტურიზმის ძირითად საშუალებებს, რომელსაც მიეკუთვნებიან სასტუმროები, კემპინგები, სტუმრის სახლები და განთავსების სხვა საშუალებები, სადაც ტურისტები ღამეს ათენებენ;

3) ტურებისა და მოგზაურობების ორგანიზაციას, რესტორნებს, მაღაზიებს, საბანკო მომსახურებას, ვალუტის გაცვლას, აგრეთვე სამედიცინო პუნქტებს.


ბუნებრივია, ზემოაღნიშნული მიწოდების ფაქტორებით სარგებლობისათვის საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგიას, ტელეკომუნიკაციებს, ნარჩენების მოცილებას და სხვა.

შესაფერისი ინფრასტრუქტურა სჭირდება ბუნების დაცვასაც, რომელიც ხელს უწყობს გარემო ბუნების მდგრად შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია ტურიზმის ბიზნესის გასავითარებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ძირითადი ფუნქციაა დააკმაყოფილოს მოსახლეობის ტურისტულ-რეკრეაციული მოთხოვნილებანი, მაგრამ ამავე დროს, იგი ასრულებს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ფუნქციებსაც.

ტურიზმის ეკონომიკური ფუნქცია ვლინდება რამდენიმე ფორმით:

1) სწორი ორგანიზაციის პირობებში მას მოაქვს სწრაფი მოგება (მათ შორის უცხოური ვალუტაც), მაშინ როცა სხვა დარგებში მოგების მიღებას სჭირდება რამდენიმე ან ათეული წელი;

2) ტურიზმის მეშვეობით ხორციელდება ე.წ. „უხილავი ექსპორტი“, როცა ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი ტურისტულ მომსახურებას იძენს უცხოურ ვალუტაზე და ქვეყანაში შემოაქვს სავალუტო შემოსავლები;

3) ტურისტული კომპლექსების ფუნქციონირება დიდადაა დამოკიდებული ტურიზმის მომსახურე დარგების განვითარების დონეზე. კერძოდ, საგარეუბნო ტიპის სოფლის მეურნეობაზე, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ცალკეულ დარგებზე, ტრანსპორტზე, სამშენებლო ინდუსტრიაზე, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, კულტურულ მომსახურებაზე და სხვა.


ტურიზმის სოციალური ფუნქცია ვლინდება იმაში, რომ:

ა) იგი ასტიმულირებს კულტურათაშორის გაცვლით ურთიერთობებს;

ბ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას;

გ) განათლებას საკუთარი ქვეყნის შიგნით;

დ) რეკრეაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფას.


ტურიზმის ეკოლოგიური ფუნქციები კი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ბუნებრივი ტერიტორიების და ფაუნის, ზღვის, ეკოსისტემების, ეროვნული პარკების, ტყეებისა და ნაკრძალების განვითარებას, არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტების აღდგენა-განახლებას, მათ დაფინანსებას, გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან, ხმაურისა და გადატვირთვისაგან.

ბუნებრივი რესურსებისა და გარე სამყაროს დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ტურიზმის გასავითარებლად. მაგალითად, სასტუმროები, კემპინგები, კურორტები, რომლებიც განლაგებულია ეკოლოგიურად „ხელუხლებელ“, ეგზოტიკურ ბუნებაში უფრო პოპულარულია და მეტ ტურისტსა და დამსვენებელს იზიდავს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ტურისტები და დამსვენებლები უპირატესობას ანიჭებენ არა პასიურ, არამედ აქტიურ ბუნების წიაღში მოგზაურობასა და დასვენებას. თუ ერთ შემთხვევაში ეკოლოგიური ტურიზმი გვევლინება როგორც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებაში მოგზაურობად, მეორე შემთხვევაში იგი უნდა განვიხილოთ როგორც სუფთა გასაყიდი ტურისტული პროდუქტი. ორივე შემთხვევაში, ეკოლოგიური ტურიზმი მდგრადი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

თანამედროვე პირობებში ბევრი განვითარებადი და განვითარებული ქვეყანა გამოჰყოფს დიდ ტერიტორიებს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებისათვის. მაგალითად, კოსტარიკამ თავისი ტერიტორიების 30% დაცულად გამოაცხადა და ტურიზმი ამ ქვეყნისათვის მოგების ძირითადი წყაროა. აშშ-ში ყოველწლიური შემოსავალი ეკოტურიზმიდან 220 მლნ დოლარია, კენიაში ეროვნული პარკების გამოყენებიდან მიღებული შემოსავალი 450 მლნ. დოლარია, ხოლო ეკვადორში - 180 მლნ.

ძალიან დიდი დაინტერესებაა ეკოტურიზმის მიმართ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ტანზანია და სხვა.

ეკოლოგიური ტურისტული საზოგადოების შტაბ-ბინა ვაშინგტონშია, რომელიც სამეცნიერო, ინფორმაციული და სტრატეგიული საქმიანობის განვითარების ცენტრია. იგი აწარმოებს და ამუშავებს ისეთ პროგრამებს, რომელიც მიმართულია რეგიონული სტრუქტურისაკენ. 1971 წლიდან იუნესკო ამუშავებს პროგრამას „ადამიანი და ბიოსფერო“, რომლის მიხედვით, მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლებს ენიჭება „მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურის“ სტატუსი. იუნესკოს ფონდშია მოხვედრილი ჩვენი ისეთი უნიკალური ძეგლები, როგორიცაა: ქ. მცხეთა, უშგული, ბაგრატი და გელათი.

საერთოდ, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ველური ბუნების დამცავი ფონდი (WWF), რომელიც განვითარებად ქვეყნებში ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების მიზნით ატარებს გამოკვლევებს. ამ ფონდს დიდი ღვაწლი მიუძღვის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მოწყობაში.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიების მდგრადი განვითარება, რომელიც ასევე მიეკუთვნება ეკოტურიზმის სფეროს, ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი სამუშაო ადგილების ორგანიზაციას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ტურისტული მომსახურების სფეროში, რაც ბუნებრივია ამაღლებს მოცემულ რეგიონსა თუ ქვეყანაში მცხოვრებთა ცხოვრების დონეს.

ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებლად დაცული უნდა იქნას სარეკრეაციო რეგიონების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და ყველა ბუნებრივი რესურსი. ბუნებრივია, ეკოტურიზმი წარმატებით ვერ განვითარდება, თუ მისგან მიღებული სახსრების გარკვეული ნაწილი არ ჩაიდება რეკრეაციული ტერიტორიების დასაცავად და რეკრეაციული სარგებლის შედეგის მისაღებად.

სამწუხაროდ, დღეისათვის კაცობრიობა ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფის გლობალური პრობლემების წინაშე დგას, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია თანამედროვე ცხოვრების წესი (მოხმარებაზე ორიენტირებული პრინციპი). რესურსების არარაციონალური გამოყენების შედეგად შეიძლება ბუნებამ ამოწუროს თვითაღდგენის უნარი, განსაკუთრებით ეს ეხება ტყის მასივებს, რომლის დეგრადირება უამრავ უარყოფით ეკოლოგიურ შედეგს იწვევს.

ამჟამად პლანეტაზე 4 მლრდ. ჰა ტყეა, რომელსაც მიწის სავარგულების 80% უჭირავს. განვითარებად ქვეყნებში ტყე წარმოადგენს მცხოვრებთა უმეტესობის ერთადერთ სასიცოცხლო წყაროს. ასეთი ქვეყნებია: ბანგლადეში, შუა აფრიკის სავანები, ლათინური ამერიკის ქვეყნები, გვატემალა, ჰონდურასი, პარაგვაი. მათ რიცხვში ჩვენი ქვეყანაცაა. აღსანიშნავია, საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობიდან სატყეო ფონდს უკავია 40%, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ტყის მასივები თანდათანობით ნადგურდება. ინგლისში დღეისათვის განადგურებულია ტყეების 95%, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ადრე არსებული ტყეების სულ 10-15% დარჩა. ექსპერტთა შეფასებით ყოველწლიურად ნადგურდება ტყის თითქმის 1%. ტყის განადგურების უპირველეს მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს: ტყის უკანონო ჭრას, სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარებას, ურბანიზაციას და ინდუსტრიალიზაციას, საქალაქო მშენებლობას, ფორსმაჟორულ სიტუაციებს (მათ შორისაა ომისაგან მიყენებული ზარალი).

1997 წელს ქ. ანტალიაში ჩატარებულ მსოფლიო მეტყევეთა XI კონგრესზე აღინიშნა, რომ 2010 წლისათვის მსოფლიოში მერქნის მოხმარების დონე ყოველწლიურად 4 მლრდ. მ3-ს მიუახლოვდება. მსოფლიოს თითქმის უმეტეს ქვეყნებში ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს ტყეების მიუღებელი ექსპლუატაცია. დედამიწაზე ყოველ წუთში იჭრება 26 ჰა ტყე, ცალკე ტროპიკებში კი - 40 ჰა. ყოველწლიურად კი, დაახლოებით 14 მლნ. ჰა. ასეთი ტემპით ტყეების განადგურება დედამიწაზე ქმნის ურთულეს ეკოლოგიურ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, თუ არ გატარდა გადამჭრელი ზომები ტყის გადასარჩენად და მისი პერიოდული განახლებისათვის, უკვე უახლოეს 20 წელიწადში დაგვიანებული იქნება და მოსალოდნელია ისეთი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს კაცობრიობისათვის. ამას თან ერთვის ბიოდივერსიები, რომელიც ანადგურებს ტყის ფლორას, ფაუნას და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, რომელთა არსებობა აუცილებელია ბუნებაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.

ტყეების განადგურების მავნე შედეგებია: კლიმატის ცვლილებები, გამოშრობა და ნიადაგის ეროზია, მეწყერები და აქედან გამოწვეული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები (მაგ., სვანეთისა და აჭარის ტყეები, სადაც ფერდობების ეროზია და მისგან გამოწვეული მეწყერები, ტყეების ნაწილობრივმა ჭრამაც გამოიწვია). სამწუხაროდ, ამ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში უამრავი უნიკალური ჯიშის ხე მოიჭრა და საზღვარგარეთ გაიზიდა.

ზემოაღნიშნულის გადმოცემა იმისათვის დაგვჭირდა, რომ რუსეთის აგრესიით გამოწვეული საქართველოს სავალალო მდგომარეობა დაგვეკავშირებინა ტურიზმთან, რომლის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მოთხოვნაა ბუნებრივ-კლიმატური პირობები, განვითარებული ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ტურიზმის სხვადასხვა სახე, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და შემოსავლების ზრდის წყაროა. 1993 წელს საქართველო გაწევრიანდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში. 1995 წლიდან ისევ დაიწყო აღმავლობა ტურიზმმა, რომელიც 90-იან წლებში პარალიზებული იყო იმ პერიოდის პოლიტიკური მოვლენების გამო. 1995 წლიდან 2007 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსულ ვიზიტიორთა და ტურისტთა რიცხოვნობა გაიზარდა თითქმის 13-ჯერ და მიაღწია 1052,0 ათასს. მიმდინარე წელს ვვარაუდობდით ქვეყანაში 1,3 მლნ. ვიზიტიორისა და ტურისტის შემოსვლას, სამწუხაროდ, ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპები, ალბათ, საკმაოდ შენელდება.

ზარალი, რომელიც საქართველოს რუსეთის აგრესიამ მიაყენა, ცხადია, ძალიან დიდია. ამ ციფრის დაზუსტება ჯერ ჯერობით შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ისევ დგას რუსეთის ჯარი და მისი გადაადგილების მარშრუტი რუსი გენერალიტეტის ნებასურვილით იცვლება.

ქართველი ექსპერტების ვარაუდით ზარალი შესაძლოა 20-30 მილიარდ დოლარს გაუტოლდეს. მდგომარეობის საბოლოო გამოსწორება დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ პროცესებზე, კერძოდ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე, რაც ამ დროისათვის კრიზისულია.

გარდა ტურიზმისა, სერიოზული პრობლემები აქვთ სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას და სხვა დარგებს. ხოლო ტურიზმი შეიძლება ითქვას, დიდი ხნით გამოეთიშა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებს. დღევანდელი გადასახედიდან საქართველო ტურისტული ინვესტიციებს კარგა ხნით უნდა დაემშვიდობოს. ჯერჯერობით, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ბედი ეწევა საქართველოში ტურიზმს, ვიდრე რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. სამწუხაროდ, მათ გაანადგურეს უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სადაც მრავალი ეკო-ტურისტული მარშრუტი გადიოდა და რაც ასე იზიდავდა როგორც შიდა, ასევე უცხოელ ტურისტებს. აგრესორებმა დიდი ზიანი მიაყენეს ასევე კოლხეთის ტყე-პარკსაც საუკუნოვანი, უნიკალური ხეების მოჭრით.

ტურიზმის დეპარტამენტის მცდელობით ნაწილობრივ დაზუსტდა აგვისტოს თვის ზარალი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ კერძო კომპანიებს უფლება აქვთ კონკურენციის გამო არ გასცენ ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. ამიტომ დეპარტამენტს ინფორმაცია ორასიდან მხოლოდ 132 ტურისტულმა კომპანიამ მიაწოდა. ამ მონაცემების მიხედვით გაუქმდა 225 ტურისტული ჯგუფი, ანუ საქართველოში მოგზაურობაზე უარი განაცხადა 4392 ტურისტმა, რაც ციფრებში იძლევა საშუალოდ 50 000 ათასი აშშ დოლარის ზარალს. შარშან აგვისტოში საქართველოში 100 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა და ექსპერტების შეფასებით მათ მიერ გაწეულმა დანახარჯებმა 7 მილიონი ლარი შეადგინა. ასეთია ტურიზმისათვის მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ზარალი. სავარაუდოდ, მომდევნო თვეებშიც ტურისტული ჯგუფების შემოსვლა ასევე გაუქმდება და ზარალიც თვეების შესაბამისად მოიმატებს. ასევე გადაიდო ტურისტული საწარმოების მონაწილეობა საერთაშორისო ბაზრობებშიც.

გარდა ეკონომიკურისა, დიდი ეკოლოგიური ზარალი განიცადა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა ტყე-პარკმა. მისი ტერიტორია შეადგენს საქართველოს საერთო ფართობის 1%-ს. იგი ითვლება ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს პარკად. ტყე-პარკისათვის საჭირო მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობებისათვის გერმანელების მიერ დახარჯულია 15 მლნ ევრო. ტყე-პარკში მთლიანად დამწვარია 300 ჰექტარზე მეტი ფართობი, ხოლო დაზიანებულია თითქმის 900 ჰა. პარკის ტერიტორიაზე ცეცხლის სამი კერა იყო: ზორეთის, ქვაბისხევის და ლიკანის. დაზიანდა უნიკალური ბიოცენოზი, რომლის სრულ აღდგენას, ექსპერტების აზრით დასჭირდება 300 წელი. განადგურდა როგორც ფლორა (ხე, ბუჩქი, ბალახი), ისე ფაუნა (წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ფრინველები და ცხოველები). დაზიანებულ ტერიტორიაზე ამჟამად არც ერთი ხერხემლიანი ცხოველი აღარ ბინადრობს, და თუ რომელიმე გადარჩა, მას ზამთარში საცხოვრებლის პოვნის დიდი პრობლემა ექნება.

განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა ხანძარმა ატენის ხეობას, სადაც 50 ჰექტარი ტყე დაიწვა. განადგურდა ხეობის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. დიდი ზიანი მიადგა სამაჩაბლოში ეკლესია-მონასტრებს.

ფოთის პორტში კი, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ქართული კატარღების აფეთქებისა და ჩაძირვის დროს, ზღვაში ჩაიღვარა ავზებში არსებული საწვავის დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტი (დიზელი, ბენზინი, სამანქანო ზეთი). სავარაუდოდ, ზღვაში ჩაღვრილია 30 ტონამდე ნავთობპროდუქტი, რაც დიდ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ საკურორტო და ტურისტულ ობიექტებს.

ჩვენს ქვეყანას პრობლემების ზღვა დაუგროვდა, რომელთა გადაჭრა დიდ ძალისხმევასა და სახსრებს საჭიროებს.

დროულად უნდა დაიწყოს გადამწვარი ტყეების აღდგენა-განაშენიანებისათვის საჭირო ლოკალური გეგმების შედგენა, კონკრეტული ბუნებრივ-კლიმატური და რეგიონული პირობების შესაბამისად. ამისათვის უნდა მოხდეს ტყისაგან გამოთავისუფლებელი ადგილების მკაცრი აღრიცხვა და ბარიერით შემოღობვა, რათა ნიადაგში დარჩენილი მცენარეთა საღი ძირები არ დაზიანდეს; ამოითხაროს ნერგების დასარგავი ორმოები და მოხდეს მცენარეთა ნერგების დარგვა მათი გამოკვებით და ზედაპირის პერიოდული დამუშავებით.

რაც შეეხება ტურიზმს, აქ პარალელურად უნდა მოხდეს ომისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ომმა საგრძნობლად დააზიანა. ესაა გზები, ენერგია, ტელეკომუნიკაციები, გასატანია უამრავი ნანგრევი და ნაგავი; მისახედია ტურისტული ღირსშესანიშნაობები. შესაფერისი ინფრასტრუქტურა სჭირდება ბუნების დაცვასაც. ყოველივე ეს ხელს უწყობს გარემოს შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია ტურისტული საქმიანობის გასავითარებლად და სასურველია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად თითქმის 30 სახელმწიფო ითვლება ტურიზმისათვის არასასურველად, სადაც რთული პოლიტიკური მდგომარეობა ან საომარი კონფლიქტებია.

დიდი ჩინელი სწავლულის კონფუცის გამონათქვამით: თუ ქვეყანაში მღელვარებაა - არ გაემგზავროთ. ქვეყანაში თუ აჯანყებაა - იქედან გამოემგზავრე. სამწუხაროდ, 2,5 ათასი წლის მანძილზე არაფერი არ შეცვლილა და ეს გამონათქვამი დღესაც აქტუალურია.

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათი თვალსაზრისით, სწორი მენეჯმენტის განხორციელებისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით, ქვეყანა მალე შეძლებს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ტურიზმის ჩაბმას საერთო სამეურნეო პროცესებში. ზოგიერთი სკეპტიკოსი ექსპერტის აზრით კი, ქვეყანაში ტურიზმის ამოქმედებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

2 comments:

  1. კარგი დაკვირვება და მსჯელობაა

    ReplyDelete