ტურიზმი, როგორც მომსახურეობის სფეროს ერთ-ერთი დარგი არა მარტო
ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვანი სფეროა, არამედ იგი არის რთული
ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს შრომითი კოლექტივებისა
და ცალკეული მუშაკების ადგილს, როგორც რეგიონებში, ასევე ორგანიზაციებსა და
საწარმოებში. ტურიზმის მართვის სტრუქტურა გაგებულ უნდა იყოს როგორც
მოწესრიგებული ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების ერთობლიობა. არსებითად
საქმე ეხება მართვის დონეებსა და ფუნქციური სამსახურების
ურთიერთდამოკიდებულებას, რომლებიც მენეჯმენტის დახმარებით მყარდება
ერთმანეთთან.

ტურიზმის მენეჯმენტის სტრუქტურა ნიშნავს კვალიფიციური კადრების
(სპეციალისტების), მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების ოპტიმალურ
განაწილებას ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის. ორგანიზაციის მენეჯმენტის
სტრუქტურაში გამოიყოფა მართვის ქვედანაყოფები (განყოფილებები), დონეები
(საფეხურები) და კავშირები (ჰორიზონტალური და ვერტიკალური).
სტრუქტურულ ქვედანაყოფებს მიეკუთვნება აგრეთვე მენეჯერებიც,
რომლებიც ახორციელებენ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციას.
მართვის დონის ცნებაში იგულისხმება ქვედანაყოფების ერთობლიობა,
რომლებიც იკავებენ განსაზღვრულ საფეხურს ორგანიზაციის მენეჯმენტის სიტემაში.
მენეჯმენტის საფეხურები იმყოფებიან ვერტიკალურ დამოკიდებულებაში და
ექვემდებარებიან ერთმანეთს იერარქიის მიხედვით: უფრო მაღალი საფეხურის
მენეჯერები ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტდება და
დაიყვანება ქვემდგომ რგოლებამდე. ცალკეული მენეჯერები ახდენენ მუშაობის
კოორდინირებას, რომლებიც თავის მხრივ კოორდინირებას უწევენ უფრო დაბალი
დონის მენეჯერებს, შრომის ასეთი ვერტიკალური დანაწილების შედეგად იქმნება
მართვის დონეები.
ორგანიზაციის მართვის უმაღლესი დონე შეიძლება წარმოდგენილ იყოს
დირექტორთა საბჭოს (მეთვალყურეთა საბჭოს) თავჯდომარის, პრეზიდენტის, ვიცე-
პრეზიდენტის ან დირექტორის სახით. ამ დონის მენეჯერები შეიმუშავებენ
ორგანიზაციის პოლიტიკას (სტრატეგიას) და ახდენენ მის რეალიზაციას.
უმაღლეს დონეზე გამოყოფენ ორ ქვედანაყოფს: სრულუფლებიანი მართვა და
საერთო ხელმძღვანელობა.
მართვის ყველა დონეზე მენეჯერები ასრულებენ არა მარტო წმინდა
მმართველობით ანუ სამმართველო, არამედ საშემსრულებლო ფუნქციებსაც. მაგრამ
უმაღლეს დონეზე საშემსრულებლო ფუნქციების ხვედრითი წონა მინიმალურია.

















